მაია ცქიტიშვილი - შეზღუდვა ადამიანების შეკრებასთან დაკავშირებით ეხება როგორც ეკლესიებს, ასევე სხვა დაწესებულებებს
მაია ცქიტიშვილი - შეზღუდვა ადამიანების შეკრებასთან დაკავშირებით ეხება როგორც ეკლესიებს, ასევე სხვა დაწესებულებებს

გამოვრიცხავ რაიმე კავშირს საგანგებო მდგომარეობის შემოღებასა და სინოდის გუშინდელ გადაწყვეტილებას შორის, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა.

„ჩვენი ისტორია და სახელმწიფოებრიობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია ეკლესიასთან. ჩვენს ეკლესიას აქვს 15 საუკუნის ისტორია და ის გამოცდილება და სიბრძნე, რომელიც ეკლესიაშია თავმოყრილი, არაერთხელ დახმარებია სახელმწიფოს ძალიან რთულ მომენტებში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სასულიერო პირები სრულად იაზრებენ იმ შესაძლო რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია ამ ვირუსის გავრცელებასთან“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, საერო ხელისუფლება და ეკლესია ყოველთვის ახერხებდნენ გააზრებულ და რაციონალურ დიალოგს.

„საგანგებო მდგომარეობის დეკრეტის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვა ადამიანების შეკრებასთან დაკავშირებით ეხება როგორც ეკლესიებს, ასევე სხვა დაწესებულებებს. ეს შეზღუდვა, პირველ რიგში, განპირობებულია ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციებით, რომ დავიცვათ ე.წ. სოციალური დისტანცია და დავიცვათ ერთმანეთი ვირუსის გავრცელებისგან. ცხადია, წესი და კანონი მოქმედებს ყველასთვის და ეს ეხება ეკლესიასაც“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილის კომენტარს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.