მაია ცქიტიშვილი - საქართველოს შეუძლია, გაცილებით მეტი შესთავაზოს თავის პარტნიორებს
მაია ცქიტიშვილი - საქართველოს შეუძლია, გაცილებით მეტი შესთავაზოს თავის პარტნიორებს

საქართველოს შეუძლია, გაცილებით მეტი შესთავაზოს თავის პარტნიორებს, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ პირველ პანელზე – „მაღალი დონის დიალოგი საერთო მომავლისთვის“ გამოსვლისას განაცხადა.

მაია ცქიტიშვილმა „ახალი აბრეშუმის გზის“ ინიციატივაში საქართველოს წვლილზე გაამახვილა ყურადღება.

„ახალი აბრეშუმის გზის“ ინიციატივაზე და პარტნიორობაზე საუბრისას, მინდა აღვნიშნო, რა წვლილი შეგვაქვს ჩვენი მხრიდან ამ მიმართულებით. გამოვყოფდი 3.4 მილიარდი ღირებულების მნიშვნელოვან 18 პროექტს, რომელიც განხორციელდება საქართველოში“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ- დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის მნიშვნელობას, რომელიც მისი თქმით, უზრუნველყოფს ქვეყნაში გაცილებით უფრო სწრაფ და უსაფრთხო გადაადგილებას და დაკავშირებას. ასევე, აღნიშნა რკინიგზის მოდერნიზაციის მნიშვნელობა და ინვესტიციები ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელშიც ასევე იგულისხმება შავი ზღვა, არსებული პორტების  მოდერნიზაცია-გაფართოებით და  ღრმაწყლოვანი პორტის აშენებით ანაკლიაში.

„აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები საშუალებას მისცემს ქვეყანას, უკეთესად მოემსახუროს აბრეშუმის გზის საჭიროებებს.ჩვენ ვსაუბრობთ ურთიერთკავშირებზე, პრიორიტეტზე. ეს არ გახლავთ მხოლოდ ინფრასტრუქტურა, ეს გულისხმობს უფრო ლიბერალურ ეკონომიკას, უფრო მეტ კავშირს ქვეყნებს შორის, მეტ კონტაქტს რეგიონებთან. ვგრძნობთ, რომ შეგვიძლია, წვლილი შევიტანოთ უკეთეს ინტეგრაციაში და შეგვიძლია, ყველა ბარიერი მოვიშოროთ, რომელიც შეიძლება ქვეყანას გააჩნდეს უფრო მჭიდრო კავშირების მშენებლობაში. ვფიქრობ, ამ ორი დღის განმავლობაში გაცილებით მეტს მოვისმენთ იმასთან დაკავშირებით,  თუ რა შეუძლია, შესთავაზოს ჩვენმა ქვეყანამ თითოეულ თქვენგანს და გავუზიარებთ ერთმანეთს ცოდნასა და ინფორმაციას“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა დისკუსიაზე.

თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პატრონაჟით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ მიმდინარეობს. ღონისძიება დღეს პრემიერ-მინისტრმა გახსნა. ფორუმს 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი ესწრება, მათ შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი.