მაია ცქიტიშვილი სამშენებელო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
მაია ცქიტიშვილი სამშენებელო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მოადგილეებთან ერთად, მსხვილი სამშენებლო კომპანიებისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელებს შეხვდა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რამაც პანდემიის პირობებში შესაძლოა, პროექტების განხორციელება შეაფერხოს.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა იმ კომპანიებთან, რომელთან ერთადაც ვმუშაობთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. კარგია, რომ მთელი ეს პერიოდი მუშაობა არ შეჩერებულა და მხოლოდ პირველი კვარტლის მონაცემებით 400 მილიონზე მეტი პროექტის დაფინანსება მოხერხდა. პროცესი შეფერხდა მხოლოდ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, სადაც უფრო მკაცრი საკარანტინო პირობები მოქმედებს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, თუმცა ეპიდემიოლოგებთან ერთად შევთანხმდით, რომ სამშენებლო სექტორში დაავადების გავრცელების ძალიან დაბალი რისკებია და ეკონომიკის მდგომარეობიდან გამომდინარე ვინარჩუნებთ პროექტებს, რა თქმა უნდა, ყველა რეკომენდაციის და წესის დაცვით. მთავრობა ვალდებულია, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვის პარალელურად ვიფიქროთ ქვეყნის ეკონომიკის ჯანმრთელობაზეც,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრმა სამშენებლო ბიზნესსექტორს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ზოგადი და კონკრეტულად მშენებლებისთვის გაწერილი რეკომენდაციები გააცნო.

ვიცე-პრემიერის თქმით, კომპანიებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია იმ დამატებითი ინვესტიციების თაობაზე, რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩაიდება.

„ცნობილია, რომ წლის განმავლობაში დამატებით 300 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივით გამოვედით, საიდანაც უკვე მზადდება ბევრი სატენდერო დოკუმენტაცია და მხოლოდ ამ ეტაპზე მიმდინარეობს 400-ზე მეტი პროექტის ტენდერი. ამასთან, ძალიან კარგად გვესმის რისკები, რომელიც შეიძლება, სამშენებლო სექტორს ჰქონდეს და სწორედ ამ თემებზე გავცვალეთ მოსაზრებები. ერთ-ერთი გამოწვევაა სამშენებლო მასალების შესაძლო გაძვირება დოლარის კურსის გამო. ჩვენ შევთავაზეთ სექტორს ფასების ინდექსაცია თუ დავინახავთ სამუშაოების ბოლოს, რომ ამას ჰქონდა გავლენა ღირებულებაზე. ეს არის მნიშვნელოვანი საშუალება, რომ კომპანიებმა მიიღონ მონაწილეობა ახალ ტენდერებში და დაიწყონ ახალი პროექტები, ჩვენი მხრიდან კი, ყველა საშუალებით ვეცდებით იგრძნონ მთავრობის თანადგომა და მაქსიმალურად შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

დატოვე კომენტარი