მაია ცქიტიშვილი - სახლში დარჩენის ამოცანაა არა ის, რომ სტუმრები მივიღოთ, არამედ ერთმანეთთან კონტაქტები შევზღუდოთ
მაია ცქიტიშვილი - სახლში დარჩენის ამოცანაა არა ის, რომ სტუმრები მივიღოთ, არამედ ერთმანეთთან კონტაქტები შევზღუდოთ

სახლში დარჩენის ამოცანა არის არა ის, რომ სახლში მივიღოთ სტუმრები, არამედ ის, რომ ერთმანეთთან კონტაქტები შევზღუდოთ, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ ეს არის დროებითი ზომა და ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ასეთ რეჟიმში მუდმივად ვერ ვიცხოვრებთ, მაგრამ ეს არის დროებითი, აუცილებელი ზომა. ძალიან მნიშვნელოვანია, დავემორჩილოთ ყველა მითითებას და ინსტრუქციას. სხვა შემთხვევაში, კიდევ უფრო მკაცრი ზომების გატარება მოგვიწევს, რასაც სხვა ქვეყნებში ვხედავთ, როცა კარანტინი ნიშნავს არა ფაქტობრივ კარანტინს, არამედ სახლიდან გასვლაც კონტროლირებადია“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რატომ გახდა საჭირო ღამის საათებში ასეთი მკაცრი შეზღუდვების დაწესება, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ყველა შეზღუდვა გადაადგილების შეზღუდვისკენ, ანუ კონტაქტების შემცირებისკენ არის მიმართული.

„სამწუხაროდ, რაც ჩვენ ვნახეთ არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს ბევრ რეგიონში, როგორც ჩანს, ჩვენს თანამოქალაქეებს თავისუფალი დრო გაუჩნდათ, რადგან არ მუშაობდნენ და სამწუხაროდ, ამ დროს იმისთვის იყენებდნენ, რომ ერთმანეთთან სტუმრად ევლოთ და საღამოები ერთად გაეტარებინათ, რაც ნამდვილად არ იყო ჩვენი ამოცანა, როდესაც თუნდაც, ამ ადამიანებს ამა თუ იმ სავაჭრო ობიექტში თუ საოფისე სივრცეში მუშაობის საშუალება შევუზღუდეთ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეკითხვაზე, რა სანქციები დაეკისრება მოქალაქეს, თუ ის ე.წ. კომენდანტის საათის პირობებს დაარღვევს, ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში მუშაობს ყველა ის ჯარიმა და სანქცია, რომელიც საგანგებო ვითარების პირობების დარღვევისთვის არის დაწესებული.

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა, ესა თუ ის ქალაქი ჩაკეტილი, ან გამოყოფილი არ არის, მაგრამ შეზღუდვები, რომელიც დღეს დაწესდა, პრაქტიკულად, უტოლდება მარნეულსა და ბოლნისში არსებულ შეზღუდვებს.

„პირველ რიგში, ეს შეზღუდვები ეხება იმას, რომ სავაჭრო ობიექტები არ მუშაობს და მაქსიმალურად არის შეზღუდული იმ მომუშავე ობიექტების რაოდენობა, სადაც შეიძლება, ადამიანი ზედმეტჯერ გავიდეს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.