მაია ცქიტიშვილი - სახელმწიფოს არ შეუძლია ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევა
მაია ცქიტიშვილი - სახელმწიფოს არ შეუძლია ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევა

კვლავ გრძელდება კონსულტაციები ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევის თემაზე, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის დაფინანსებასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, მაია ცქიტიშვილი ვარაუდობს, რომ პოზიციების უფრო მეტად დაახლოება დღის განმავლობაში მოხდება.

„მთავარია ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევა, რაზეც არაერთხელ გვითქვამს, რომ ყველაზე რთული პოზიცია სახელმწიფოს მხრიდან იქნება ამ საკითხზე. სახელმწიფოს არ შეუძლია ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევა. ეს არის პოზიცია, რაზეც ვსაუბრობთ კონსორციუმთან და ბანკებთან, თუ რა დამატებითი ინსტრუმენტების გამოყენება არის შესაძლებელი კომერციული რისკების დასაზღვევად ისე, რომ სახელმწიფოს არ მოუწიოს ამ რისკების დაზღვევა. ვსაუბრობთ იმაზე, რა საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო ინსტრუმენტები ან უშუალოდ ბანკების ინსტრუმენტები არსებობს, რომ დაეხმაროს ინვესტორს ამ რისკების დაზღვევაში. ყველანი ვართ პოზიტიურად განწყობილი”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ინფრასტრუქტურის მინისტრი ამბობს, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის დაფინანსების მოსაზიდად გათვალისწინებული ვადა, რომელიც ივნისში იწურება, სავარაუდოდ, გახანგრძლივდება.