მაია ცქიტიშვილი - სახელმწიფო ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიმართ ნაკისრ ვალდებულებებს ვადებში ასრულებს
მაია ცქიტიშვილი - სახელმწიფო ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიმართ ნაკისრ ვალდებულებებს ვადებში ასრულებს

სახელმწიფო ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიმართ ნაკისრ ვალდებულებებს ვადებში ასრულებს და დაინტერესებულია, რომ კონსორციუმი მისი ვალდებულებების ახალ ვადებში მაინც ჩაჯდეს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემაში სახელმწიფოსა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თანამშრომლობის საკითხი განიხილეს. მთავრობამ კონსორციუმს ე.წ. ფინანსური გადახურვის ბოლო ვადად მიმდინარე წლის 31 დეკემბერი დაუთქვა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონსორციუმმა სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებები წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს. მთავრობამ აღნიშნული ვადა ინვესტორს უკვე მეოთხედ გადაუვადა და ანაკლიის პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვალდებულებების შეუსრულებლობაზე დაკისრებული სანქცია – საურავებიც აპატია.

გადაცემის წამყვანები დაინტერესდნენ, კონკრეტულად რა ვალდებულებები აკისრიათ როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო ინვესტორს და რამ გამოიწვია ვალდებულებების ოთხჯერ გადავადება. ცქიტიშვილის განმარტებით, სახელმწიფომ კონსორციუმის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების ნაწილი უკვე შეასრულა და ჯერი კონსორციუმზეა.

„პირველ რიგში გავმიჯნოთ ვალდებულებები. ბევრჯერ მსმენია, რომ სახელმწიფო ვალდებულია ინვესტორს დაეხმაროს. ვიცით, რომ ჩვენი ხელისუფლება ნამდვილად ამ სულისკვეთებით მუშაობს და ყველაგან, სადაც შეგვიძლია არათუ არსებულ ინევსტორს, არამედ ინვესტიციის შემოსვლასაც ვუწყობთ ხელს. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ვალდებულების პირობები. იცით, რომ კონსორციუმი გამარჯვებულად ინტერესთა გამოხატვის შედეგად იქნა გამოვლენილი. მთავრობის განზრახვა თავიდანვე იყო ინვესტორის მოზიდვა და ამ პროექტის კერძო ინვესტიციით განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ შემდგომში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი მსჯელობაა, რომ სახელმწიფოს როლი მეტი ამ პროცესში გაზრდილიყო. თუმცა ჩვენი ხედვა და დამოკიდებულება ზოგადად ინვესტიციებთან მიმართებაშიც და ასეთი ტიპის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის მართვასა და განხორციელებასთან დაკავშირებით არის ის, რომ ეს არის კომერციული პროექტი. შესაბამისად ამ პროექტის განხორციელებაში ინვესტორი ბევრად უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე სახელმწიფო. სახელმწიფომ თავიდანვე თქვა, რომ ამ პროექტში საკუთრება არ გააჩნია და წარმოდგენილია მხოლოდ ერთი ოქროს აქციით. შესაბამისად ეს არის მთლიანად კერძო პროექტი, რომელსაც თავისი მნიშვნელობიდან, სპეციფიკიდან, მასშტაბიდან გამომდინარე, სახელმწფოს მხარდაჭერა და თანამონაწილეობა სჭირდება“, – განაცხადა მინისტრმა.

ცქიტიშვილის განმარტებით, ანაკლიის პორტის მიმართ სახელმწიფოს თანამონაწილეობა იმაში გამოიხატება, რომ იგი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს დათქმულ ვადებში ასრულებს.

„სახელმწიფოს ვალდებულება ხელშეკრულების შესაბამისად არის მიწების გადაცემა. სახელმწიფომ დაახლოებით 60 მილიონი ლარი დახარჯა მიწების, მათ შორის კერძო მიწების გამოსყიდვაში, რაც გადაეცა კონსორციუმს იმისთვის, რომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობის წარმოება მოხდეს. ჩვენ ამ ნაწილში კიდევ დარჩენილი გვაქვს დამატებით სხვა მიწები, რომლის გადაცემის ვადა უფრო გვიან იყო, მას შემდეგ, რაც პირველი ფაზის სამუშაოები დაიწყებოდა. ამ ვალდებულების შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა. სახელმწიფოს მხრიდან ამ ნაწილში შეფერხება არ არის. ის ვალდებულება, რაც ამ ნაწილში უნდა შესრულებულიყო – შესრულებულია და შემდგომი ეტაპი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ პორტის მშენებლობა დაიწყოს, რა თქმა უნდა სახელმწიფოს მიერ შესრულდება“,- განცხადა ცქიტიშვილმა.

მინისტრის მიხედვით, გარდა მიწების გამოსყიდვისა, სახელმწიფოს გზისა და რკინიგზის გაყვანის ვალდებულებაც აქვს, რომელიც ასევე შესრულების ეტაპზეა.

„მინდა აღვნიშნო, რომ გზასთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაცია და მღელვარება არსებობდა. ისიც კი ითქვა, რომ სახელმწიფომ პროექტი სპეციალურად გადაავადა და გააჭიანურა იმიტომ, რომ გზას ვერ აკეთებს. მაგრამ ამ შემთხევაში უნდა ვთქვათ, რომ ანაკლიამდე მისასვლელი გზა უკვე არსებობს და ის ბევრად უკეთესი გზაა, ვიდრე ჩვენი ზოგიერთი საერთაშორისო მაგისტრალი. მაგრამ აქ საუბარია ახალი გზის და რკინიგიზის მიყვანაზე. ამ ეტაპზე პროექტირების ფაზაში ვიმყოფებით, რომელიც ოქტომბერში უნდა დასრულდეს და ნოემბრიდან უკვე გზის მშენებლობას დავიწყებთ. სახელმწიფო ვადებში ჯდება. რა თქმა უნდა, ჯობდა ეს პროექტი უფრო ადრე დაგვეწყო, ჩვენი მხრიდან ამ ვადებში ბევრად უფრო კომფორტულად ვიქნებოდით, მაგრამ იმ ვადებში, რასაც ამ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ითვალისწინებს, ჩვენ ამ ვადებში ვჯდებით“, – ახსნა მინისტრმა.

ცქიტიშვილი სახელმწიფოს მესამე ვალდებულებასაც შეეხო, რაც საპარტნიორო ფონდის მიერ კონსორციუმის 100 მილიონი დოლარით თანადაფინანსებაში მდგომარეობს. თუმცა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ფინანსური რესურსი სუბორდინირებული სესხია და პრაქტიკულად კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის ნაწილად განიხილება.

„მესამე ვალდებულება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია არის საპარტნიორო ფონდის მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის 100 მილიონი დოლარის გამოყოფა. ეს არის სუბორდინირებული სესხი, თუმცა ბანკებიც, თავად კონსორციუმიც და ჩვენც ამას პრაქტიკულად ვიხილავთ საკუთარი კაპიტალის თანადაფინანსების ნაწილად“, – განმარტა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფოს მხოლოდ ზემოთ აღნიშნული ვალდებულებები ჰქონდა, ხოლო კონსორციუმის ვალდებულებას თანხების მობილიზება და პორტის მშენებლობა წარმოადგენდა“, – განმარტა ცქიტიშვილმა.

მისი ინფორმაციით, ვალდებულებების ოთხჯერ გადავადების მიზეზი ის არის, რომ ანაკლიის პორტის მსგავსი მასშტაბური პროექტისთვის დაფინანსების მოზიდვას განსაზღვრულზე მეტი დრო სჭირდება. სახელმწიფო ნაწილობრივ იზიარებს ამ პოზიციას და მისთვის მთავრია, რომ ინვესტორი ამჯერად მაინც ჩაეტიოს დათქმულ ვადებში.

„ოთხჯერ გადავადების მიზეზებს, როგორც კონსორციუმი ხსნის არის ის, რომ ასეთი ტიპის რთული პროექტისთვის დაფინანსების მოზიდვას იამზე მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ეს თავიდანვე იყო განსაზღვრული. პირველი ვადა 2017 წლის 15 აგვისტო იყო. როგორც ვხედავთ, პრაქტიკულად ორ წელზე მეტი ვადით ხდება ამ პროექტის დაფინანსება. სახელმწიფო ნაწილობრივ იზიარებს კონსორციუმის ამ პოზიციას. ვხედავთ, რომ იგი ცდილობს დაფინანსება მოიზიდოს. გარდა ამისა ოთხ საერთაშორისო ბანკთან საუბარი ნამდვილად არ არის მარტივი. აქედან გამომდინარე, სწორედ ეს არის ჩვენი დამოკიდებულება რომ ჩვენ ვიზიარებთ ამ პოზიციას. ჩვენთვის ყველასთვის მთავარი ამ პორტში არის ვადები. ეს არ არის მხოლოდ კონსორციუმის გადავადება, არამედ სახელმწიფოსთვისაც. როცა ამ პორტზე დავიწყეთ საუბარი, პირველი გემი 2020 წლისთვის უნდა შემოსულიყო. ვალდებულებების შეუსრულებლობის თვალსაზრისით, სწორედ კონსორციუმს ჯერ კიდევ შესასრულებელი აქვს როგორც საკუთარი კაპიტალის სრულად მობილიზება, ასევე საინვესტიციო ბანკებიდან თანხების მოზიდვა“, – განმარტა მაია ცქიტიშვილმა.