მაია ცქიტიშვილი - საგზაო ნაწილის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში წელს მილიარდ 500 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები ჩატარდა
მაია ცქიტიშვილი - საგზაო ნაწილის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში წელს მილიარდ 500 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები ჩატარდა

საგზაო ნაწილის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში წელს რეკორდული ციფრი გვაქვს, ეს არის მილიარდ 500 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები, რომელიც ხორციელდება როგორც საერთაშორისო, ისე სახელმწიფო მნიშვნელობის, მუნიციპალურ და სოფლის გზებზე, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, მხოლოდ გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი 2012 წელთან შედარებით სამნახევარჯერ არის გაზრდილი.

„ახლა მიმდინარეობს 140 კილომეტრი საერთაშორისო მაგისტრალების მშენებლობა, 500 კილომეტრი გზის მოვლა-შენახვა, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ამ სამუშაოებზე დასაქმებულია 9 000 ადამიანზე მეტი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც იღებს შემოსავალს, და იღებს მონაწილეობას ჩვენი ქვეყნის მშენებლობის პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ საგზაო ინფრასტრუქტურის არამხოლოდ ხარისხიანად და დროში შესრულება, არამედ, მისი ისეთი სახით დაგეგმვა, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებამ ხელი შეუწყოს ასევე ჩვენი ქვეყნისა და რეგიონების განვითარებასაც. დეპარტამენტსა და ჩვენს სახელმწიფო სტრუქტურებში გაუმჯობესდა კოორდინაცია. გაუმჯობესდა კოორდინაცია ადგილობრივი თვითმმართველობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის, ასევე ჩვენს კოლეგა უწყებებთან უფრო აქტიური ურთიერთობა, რათა ჩვენ სწორედ იმ გზების რეაბილიტაცია დავისახოთ პრიორიტეტად, რომელიც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ამა თუ იმ რეგიონის განვითარებაში, შეუწყობს ხელს იქ ახალი მიზიდულობის ცენტრების, ახალი ტურისტული ლოკაციების შექმნას. ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ლოჯისტიკური პოტენციალის ათვისების გარდა, საგზაო ინფრასტრუქტურამ, უდიდესი წვლილი უნდა შეიტანოს უშუალოდ ჩვენი ქვეყნის მცირე და ძალიან საინტერესო რეგიონების განვითარებაში, რაც ემსახურება სიღარიბის დაძლევას. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, რომელიც ამ პროცესში იღებს მონაწილეობას, დაწყებული გზების დეპარტამენტის და სამინისტროს გუნდიდან, ყველა საერთაშორისო პარტნიორს, ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც მხარს გვიჭერს და გვერდში გვიდგას ამ პროცესში, საპროექტო კომპანიები, კონტრაქტორები, ადგილობრივი თვითმმართველობა, დეპუტატები, რომელსაც გული შესტკივა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და თავისი წვლილი შეაქვს ამ პროცესში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.