მაია ცქიტიშვილი - სადაც სახელმწიფო და ბიზნესი ვერ გასწვდებიან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, იქ გარანტირებული ინვესტირება იქნება „ქართუსგან“ და „თანაინვესტირების ფონდისგან“
მაია ცქიტიშვილი - სადაც სახელმწიფო და ბიზნესი ვერ გასწვდებიან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, იქ გარანტირებული ინვესტირება იქნება „ქართუსგან“ და „თანაინვესტირების ფონდისგან“

სასტუმრო „რადისონში“ წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვა მიმდინარეობს.

​დღევანდელ პრეზენტაციას არქიტექტორები, ურბანისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ასოციაციების, ასევე ბიზნესისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებიან.

სტუმრებს წყალტუბოს რეაბილიტაციის პროცესში ინფრასტრუქტურის სამინისტროს როლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, წყალტუბოს რეაბილიტაციის პროცესში გენგეგმის მომზადება არის მისი უწყების მთავარი ამოცანა, რომელსაც სივრცითი მოწყობის დეპარტამენტი შეიმუშავებს. მაია ცქიტიშვილის თქმით, უკვე დაწყებულია წყალტუბოში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სახლების მშენებლობის პროცესი, რომლის ნაწილიც წელს  დასრულდება.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, წყალტუბოს რეაბილიტაციის პროცესში აბასთუმნის რეაბილიტაცია კარგი მაგალითია.

„სადაც სახელმწიფო ვერ გასწვდება ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ბიზნესი ვერ გასწვდება კერძო პროექტებს, გარანტირებული ინვესტირება იქნება „ქართუ ფონდისა“ და „თანაინვესტირების ფონდისგან“ და ეს არის ფუფუნება და გარანტია, რომ პროცესი ბოლომდე მივა“, – განცხადა მაია ცქიტიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 29 ოქტომბერს წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იწყებს წყალტუბოს განვითარების პროექტს. მისივე თქმით, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, გადაიქცეს რეგიონის ტურიზმის დედაქალაქად. „გადავწყვიტე, წყალტუბოში გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, ცხრა აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია“, – აღნიშნულია წერილში.