მაია ცქიტიშვილი - საარბიტრაჟო პროცესმა შესაძლოა, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ახალი ინვესტორის მოძიების პროცესი შეაყოვნოს, არ შეიძლება, კონსორციუმს ეს არ ესმოდეს
მაია ცქიტიშვილი - საარბიტრაჟო პროცესმა შესაძლოა, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ახალი ინვესტორის მოძიების პროცესი შეაყოვნოს, არ შეიძლება, კონსორციუმს ეს არ ესმოდეს

სამწუხაროა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ არბიტრაჟში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საარბიტრაჟო პროცესმა შესაძლოა, ანაკლიის პორტის პროექტისთვის ახალი ინვესტორის მოძიების პროცესი შეაფერხოს.

„პირველ რიგში, სამწუხაროა, რომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება არბიტრაჟში შესვლასთან დაკავშირებით. არ შეიძლება, არ ესმოდეთ, რომ საარბიტრაჟო პროცესმა შეიძლება, შეაყოვნოს ახალი ინვესტორის მოძიების პროცესი. იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი უკვე არბიტრაჟშია შესული, თავს შევიკავებ ნებისმიერი დამატებითი სახის კომენტარისგან“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და ერთ-ერთმა უცხოელმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები შეიტანეს. აღნიშნული ორი სარჩელით, ისინი ანაკლიის პორტის პროექტში დარღვეული უფლებების აღდგენას მოითხოვენ. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ფინანსური ზიანის ანაზღაურებაა, რომელიც მათი განცხადებით, ერთ მლრდ აშშ დოლარს აღემატება.

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 9 იანვარს ოფიციალურად შეწყვიტა.