მაია ცქიტიშვილი - რუსი პიარტექნოლოგები ტვინის გამორეცხვის რუსული ტექნოლოგიებით ცდილობენ, ოპონენტებს დააბრალონ ის ქმედებები, რომლებიც, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა ჩადენილი
მაია ცქიტიშვილი - რუსი პიარტექნოლოგები ტვინის გამორეცხვის რუსული ტექნოლოგიებით ცდილობენ, ოპონენტებს დააბრალონ ის ქმედებები, რომლებიც, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა ჩადენილი

არაერთი მაგალითი გვაქვს, როგორ ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“, სიცრუეში შეიყვანოს საზოგადოება, შექმნას დესტაბილიზაციის რისკი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანია არის ძალადობასა და სიცრუეზე დაფუძნებული.

„ნაციონალური მოძრაობა თვეების განმავლობაში გვაძლევს ყველა მაგალითს, თუ როგორ აწარმოებს კამპანიას, მათ შორის საპრეზიდენტო კანდიდატი და მთლიანად „ნაციონალური მოძრაობა“. მთელი კამპანია არის ძალადობასა და სიცრუეზე დაფუძნებული. ამჯერად, გუშინაც, დღესაც, სამწუხაროდ, არაერთი მაგალითი გვაქვს, როგორ ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“, სიცრუეში შეიყვანოს საზოგადოება, შექმნას დესტაბილიზაციის რისკი. ჩვენ ვიხილეთ როგორც მათი რუსი პიარტექნოლოგის განცხადება, ასევე ამჟამად მიხეილ სააკაშვილიც გვიანონსებს, რომ გაზაფხულზე ეს ხელისუფლება აღარ უნდა იყოს. ასევე, მსგავსი განცხადებები გვსმენია „ნაციონალური მოძრაობის“ არაერთი ლიდერის მხრიდან. ისევე, როგორც სამწუხაროდ, მედიასაშუალებების მხრიდანაც, კერძოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში „რუსთავი 2“-ს ვგულისხმობ, რომელიც პირდაპირ, მთელი თავისი პროპაგანდისტული მანქანის ძალით გვიანონსებს ხელისუფლების რევოლუციური შეცვლის აუცილებლობას და მაქსიმალურად ცდილობს დაძაბოს ვითარება, წარმოაჩინოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და ეს დემოკრატიული არჩევნები, რომელიც ტარდება. მეორე ტურიც არის იმის დასტური, რომ ნამდვილად დემოკრატიული და ღია გზით ტარდება არჩევნები. მაგრამ მიუხედავად ამისა, მთელი პროპაგანდისტული მანქანა კარგად ვიხილეთ ამ შემთხვევაში. ვხედავთ, რომ რუსი პიარტექნოლოგები ტვინის გამორეცხვის რუსული ტექნოლოგიების მიხედვით ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და თავისი ბრალდებები და დანაშაულები გადმოიტანონ ოპონენტის მხარეს, დააბრალონ ყველა ის ქმედება, რომელიც, პირველ რიგში, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა ჩადენილი. ასე რომ, მაგალითები საკმარისზე მეტია“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ბოლოდროინდელი განცხადებები ჯართან მიმართებით არ შეესაბამება სიმართლეს და სრულად არის „კა-გე-ბესა“ და რუსული ტექნოლოგიებით შექმნილი სიცრუე.

„ჩვენ ნამდვილად გავაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირებას თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით, რათა არ მივცეთ საშუალება „ნაციონალურ მოძრაობას“, შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობა და შექმნას დესტაბილიზაციის რისკი, რევოლუციური სცენარები, რომლის საფუძველი ამ ქვეყანაში არ არსებობს. ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში, ვხედავთ თუ რა ხდება, ძალიან კარგად ვიცით „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაც და სამწუხაროა, რომ ამ საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში ამ ხელწერამ განსაკუთრებულად მკაფიოდ და მძაფრად იჩინა თავი“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის რუსმა პიარტექნოლოგმა, ვიტალი შკლიაროვმა რადიოსადგურ „ეხო მასკვის“ ვებგვერდზე სტატია გამოაქვეყნა – „სამი დასკვნა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებიდან“. შკლიაროვი აღნიშნავს: „არის შანსი, რომ დეკემბერში საქართველოში შეიძლება, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს. არის შანსი, რომ მოხდება არა მორიგი „ვარდების რევოლუცია“ ან ხელისუფლების ცვლილება, არამედ ცვლილებების მშვიდობიანი და ნამდვილი დემოკრატიული „რევოლუცია“.