მაია ცქიტიშვილი ქობულეთის შემოვლით გზაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო  
მაია ცქიტიშვილი ქობულეთის შემოვლით გზაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო  

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის მეთაურ ზურაბ პატარაძესთან ერთად, ქობულეთის შემოვლით გზაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. ახალი გზა ექსპლუატაციაში ზაფხულში, ტურისტული სეზონის დაწყებამდე შევა და თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს, დაახლოებით 20-30 წუთით შეამცირებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 ლოტზე 18 კმ-იანი მონაკვეთი აშენდა. მონაკვეთზე სულ 15 ხიდია.

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, ქობულეთის შემოვლით გზაზე პირველი მონაკვეთის მშენებლობა დასრულებულია, ზაფხულში მოძრაობა მეორე მონაკვეთზეც გაიხსნება, რაც ქობულეთის ზღვისპირა ზოლს  სრულად განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 209 852 079.67  ლარია.

უახლოეს მომავალში, ბათუმის შემოვლითი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაც დაიწყება.