მაია ცქიტიშვილი - პრემიერმა რთული ამოცანა შეასრულა და სამი თვის განმავლობაში 24-საათიანი მუშაობა წარმატებით მოაქცია საკუთარ გამოსვლაში
მაია ცქიტიშვილი - პრემიერმა რთული ამოცანა შეასრულა და სამი თვის განმავლობაში 24-საათიანი მუშაობა წარმატებით მოაქცია საკუთარ გამოსვლაში

პრემიერმა არა მარტო უპასუხა ყველა კითხვას, არამედ ძალიან რთული ამოცანა შეასრულა. მან რაღაცნაირად მოახერხა და სამი თვის განმავლობაშ 24-საათიანი მუშაობა ძალიან კარგად, დინამიურად და წარმატებით მოაქცია გამოსვლაში. გამოსვლა იყო ამომწურავი, დასმული კითხვები კი უფრო კონსტრუქციული შეიძლებოდა, ყოფილიყო, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლის შეფასებისას აღნიშნა.

მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა იმაზეც, რომ პრემიერ-მინისტრის ანგარიშს უფრო სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, ვინაიდან პანდემიის დროს საკოორდინაციო საბჭოს მუშაობასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ყველა სახელისუფლებო შტო იყო ჩართული.

„ყველა ის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ვიღებდით, იყო პარლამენტის უშუალო ჩართულობით მიღებული. საკოორდინაციო საბჭოში, რომელიც შეიქმნა ჯერ კიდევ იანვარში, შედიოდნენ როგორც პრეზიდენტის წარმომადგენლები, ისე პარლამენტარები. საბჭოს მუშაობის პროცესში ჩართული იყო თბილისის მერი კახი კალაძე, რომელიც ამავდროულად თვითმმართველობების ასოციაციების ხელმძღვანელიც გახლავთ და შესაბამისად, პროცესში ჩართული იყო თვითმმართველობაც. ამდენად, პარლამენტისთვის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უცხო არ იყო“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, პარლამენტში უმრავლესობასა და უმცირესობას შორის პოლიტიკური როლების განაწილება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ უმრავლესობა საკუთარ გადაწყვეტილებებზე იღებს პასუხისმგებლობას მიუხედავად იმისა, ეს გადაწყვეტილებები წარმატებულია თუ წარუმატებელი.

„ამ შემთხვევაში გვქონდა შესაძლებლობა, მოგვესმინა წარმატების ისტორია და ძალიან მკაფიოდ დანახული დინამიკა ყველა იმ მოვლენის, რომელიც დაიწყო ჯერ კიდევ იანვარში. ეს იყო ერთგვარი რეტროსპექტივა, თუმცა ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში, ყოველ საათში გვეცვლებოდა ვითარება, სწრაფად ვიღებდით ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ვმოქმედებდით არაპროგნოზირებად გარემოში. მთელ მსოფლიოს შეხება ჰქონდა ვირუსთან, რომელიც არის უცნობი და ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ მოიქცევა იგი, მაგრამ დღეს შეგვიძლია იმის თქმა, რომ ამ ეტაპზე უკვე გვაქვს ვირუსთან ერთად თანაცხოვრების გარკვეული ინსტრუმენტები და გამოცდილება“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის განმარტებით, ხელისუფლებამ გაიარა ადაპტაციის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც გულისხმობდა ხელისუფლების ყველა სტრუქტურის ახალი რეალობის შესაბამისად გადაწყობას. მისი თქმით, ექიმებს, პოლიციელებს, პროცესში ჩართულ რიგით ადამიანებს, უწევდათ ახალი სტანდარტების შემოღება, ახალი მექანიზმების მოფიქრება, ახალ გამოწვევებთან ერთად ცხოვრება, რაც არ იყო მარტივი პროცესი.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.