მაია ცქიტიშვილი - პოლონეთი მზად არის, საქართველოს მოქალაქეებს გაუხსნას საზღვარი, მაგრამ სამწუხაროდ, პოლონეთში ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია
მაია ცქიტიშვილი - პოლონეთი მზად არის, საქართველოს მოქალაქეებს გაუხსნას საზღვარი, მაგრამ სამწუხაროდ, პოლონეთში ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერ, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მართალია პოლონეთი მზად არის, გაუხსნას საზღვრები საქართველოს, თუმცა პოლონეთში ავადობის მაჩვენებელი მაღალია. შესაბამისად მაია ცქიტიშვილის განცხადებით საქართველო უნდა მოუფრთხილდეს საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობას.

ამასთან მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საკითხზე, რომ საქართველომ პოლონეთს საზღვარი არ გაუხსნა, არავითარი უკმაყოფლება არ არის.

„პოლონეთი უშუალოდ გამოთქვამდა მზადყოფნას საქართველოს მოქალაქეებისთვის კარანტინის გარეშე საზღვრების გახსნის თაობაზე, ჩვენ უნდა გვახსოვდეს ასევე ის, რომ ელემენტარულად სტატისტიკა რომ შეადაროთ, საქართველოს და ევროპის რეგიონის ქვეყნების, ჩვენ გვაქვს საუკეთესო მაჩვენებელი ავადობის თვალსაზრისით. ეს არ არის უბრალო სიტყვები, ეს არის კონკრეტული სტატისტიკა, თქვენ შეგიძლიათ ეს მონაცემები მარტივად გადაამოწმოთ, ეს არის მაჩვენებელი, რომელიც ითვლება ყოველ 100 000 მოსახლეზე. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას საქართველოში. პოლონეთს დღეს აქვს საზღვრები გახსნილი უკრაინასთან. კარგად ხედავთ რომ უკრაინაში ყოველდღიურად ფიქსირდება რამდენიმე ასეული შემთხვევა, 500 და 1000 შემთხვევაზე მეტი, შესაბამისად, პოლონეთში ასევე სამწუხაროდ საკმაოდ მაღალი ეპიდემიოლოგიური ფონია“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

პოლონეთი კი არის მზად საქართველოს მოქალაქეებს გაუხსნას საზღვარი, ვინაიდან საქართველოში ავადობის მაჩვენებელი არის დაბალი, მაგრამ სამწუხაროდ, პოლონეთში ეს მაჩვენებელი არის მაღალი და ჩვენ თუ გვინდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ეკონომიკას, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, შესაბამისად, საკმაოდ ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ამ ზომებსაც და სწორედ ეს არის მიზეზი, რატომ არის გახსნილი საზღვარი ამ ხუთი ქვეყნისთვის, რატომ ჯერ არ არის გახსნილი საზღვარი სხვა ქვეყნებისთვის. ასევე უნდა ვნახოთ ისიც, რომ უშუალოდ ევროპაში სამწუხაროდ უარესდება ეპიდემიოლოგიური ვითარება. გუშინ მაგალითად იტალიამ 13 ქვეყანას დაუკეტა საზღვარი, ასევე საკმაოდ რთულდება ვითარება ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის მაგალითად საბერძნეთი, სადაც აქტიურად გაიხსნა კარი ყველა ტურისტისთვის და უშუალოდ საბერძნეთიც ახლა ფიქრობს უშუალოდ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებისთვის შეზღუდვების ხელახალ დაწესებას და შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მიმოსვლა არის თავისუფალი ყოველგვარი კარანტინის გარეშე.
პოლონეთის მხარესთან და არა მხოლოდ მათთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოში მყოფ ელჩებთანაც, ასევე ჩვენი საელჩოები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ და დამერწმუნეთ, არავითარი უკმაყოფილება არ არის არავის მხრიდან . ეს არის სამუშაო პროცესი და ამ ვითარებაში, როდესაც პანდემიაა მსოფლიოში, ძალიან კარგად ესმის ყველას, რომ პირველ რიგში ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის წინაშე და როდესაც ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, რომ გავხსნათ და გახსნილიც გვაქვს პრაქტიკულად ყველა ბიზნესი, შეგვიძლია წავიდეთ რესტორანში, შეგვიძლია ღია ცის ქვეშ, უკვე კულტურულ, თეატრალურ წარმოდგენებსაც და კინო წარმოდგენებსაც დავესწროთ, ვისარგებლოთ მთელი ამ ინფრასტრუქტურით, უნდა გვახსოვდეს, რომ ამას უნდა გავუფრთხილდეთ. ვინაიდან ეს არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ეკონომიკაზე ზრუნვაც“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.