მაია ცქიტიშვილი - პანდემიის გამო გარკვეული პროექტები დროში გადანაწილდება
მაია ცქიტიშვილი - პანდემიის გამო გარკვეული პროექტები დროში გადანაწილდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პანდემიის გამო მოუწია გეგმების გადახედვა და გარკვეული პროექტების დროში გადანაწილება, თუმცა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, შეზღუდვების პირველი მკაცრი ტალღის შემთხვევაშიც კი არ გაგვიჩერებია, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

მისი თქმით, იყო გარკვეული შეფერხებები, მათ შორის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, სადაც მუშაობენ ჩინური კომპანიები და გადაადგილების შეზღუდვის გამო ფიზიკურად ვერ მოახერხეს დადგენილ ვადებში თვისი თანამშრომლების მობილიზება.

ცქიტიშვილის განცხადებით, დღეის მდგომარეობით ყველა ის ხარვეზი, რომელიც არსებობდა უცხოელ კონტრაქტორებთან დაკავშირებით, გამოსწორებულია, ყველა მონაკვეთზე დაწყებულია სამობილიზაციო სამუშაოები და საინჟინრო პერსონალიც ჩამოსულია. თუმცა, როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, ამას არ შეიძლება გავლენა არ მოეხდინა ასეთი დიდი პროექტების შესრულების ვადებზე.

„როდესაც რიკოთის მონაკვეთზე ვსაუბრობთ, ჩვენ სამწუხაროდ, მოგვიწევს პროექტების გადავადება. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვცდილობთ კონტრაქტორებთან და ზედამხედველ კონსულტანტებთან ერთად პროექტების ვადების შემჭიდროებას. სავარაუდოდ, რაც იყო დაგეგმილი 2021 წლისთვის, ის 2022 წლისთვის გადავა და 2023 წელი იქნება ის რეალისტური ვადა, რომელსაც უნდა ველოდოთ ასეთი დიდი პროექტების დასრულების პროცესში. საერთაშორისო პროექტებზე მუდმივი ტესტირება მიმდინარეობს, დაახლოებით 180 ინფიცირების შემთხვევა არის გამოვლენილი და შესაბამისად სხვადასხვა დროს სხვადასხვა რაოდენობის ადამიანები არიან მოქცეულები კარანტინში. ამჟამად 1000-ზე მეტი მუშა არის, როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივიც კარანტინში. ეს არის გამოწვევები, რომელშიც ჩვენ ყველანი, მთელი ქვეყანა ვიმყოფებით. შესაბამისად ერთობლივად ვცდილობთ, რომ ამ გამოწვევებს გავუმკლავდეთ. მთლიანობაში მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ამ ეტაპზე პანდემიის გამო არც ერთი პროექტი არ არის გაჩერებული, არც მასობრივი ინფიცირების შემთხვევები არ არის ისეთი, რომ პროექტები გაგვეჩერებინა, მაგრამ, რა თქმა უნდა, შესრულების ვადებზე ჩვენ გვექნება გავლენა”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრობის კანდიდატმა წითელი ხიდისა და სადახლოს გზების მონაკვეთებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროექტების დროში გადავადება ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე ხდება.

„ჩვენ ყველას ასევე გვიწევს დეფიციტთანაც გამკლავება, რაზეც ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა და შესაბამისად გაზრდილი სამედიცინო ხარჯების, გაზრდილი ანტიკრიზისული პაკეტით გათვალისწინებული ხარჯების დაკომპენსირება სხვადასხვა მიმართულებით. შესაბამისად, ის სამუშაოები, რომელიც ჩვენ შეგვეძლო, რომ დაგვეწყო 2021 წელს, გარკვეულ პროექტებზე ბუნებრივია მოგვიწევს ამ პროექტების უფრო გვიან დაწყება. შესაბამისად იგივე ეხება წითელი ხიდის და სადახლოს მონაკვეთებს და ჩვენ 2023 წლამდე ფიზიკურად ვერ დავიწყებთ. არა იმიტომ, რომ არ ვართ მზად, არამედ იმიტომ, რომ ის ფინანსური და ფისკალური ჩარჩო, რომელიც არის შედგენილი, ჩვენ ამის საშუალებას სამწუხაროდ არ მოგვცემს”, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.