მაია ცქიტიშვილი - ოთხი მილიონი პირბადე დაგვეხმარება, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენი ექიმები იყვნენ უსაფრთხოდ
მაია ცქიტიშვილი - ოთხი მილიონი პირბადე დაგვეხმარება, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენი ექიმები იყვნენ უსაფრთხოდ

„კოვიდთან“ ბრძოლის ფონდში 100 მილიონი უკვე იყო გადმორიცხული ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მხრიდან, მაგრამ ამას გარდა, დღეს კიდევ მივიღეთ საჩუქარი – ოთხი მილიონი პირბადე, რომელიც ფონდ „ქართუს“ მიერ იქნება შეკვეთილი და დაფინანსებული ჩვენი სამედიცინო სექტორისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს განსაკუთრებით აუცილებელია სამედიცინო სექტორის დაცვა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

„განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შენატანს. ოთხი მილიონი პირბადე ის რაოდენობაა, რომელიც უზრუნველყოფს საჭირო მარაგს რამდენიმე თვის განმავლობაში. ეს არის ერთჯერადი სამედიცინო პირბადე, რომელიც, პირველ რიგში, იქნება მიმართული სამედიცინო სექტორისთვის. ეს ძალიან დაგვეხმარება, რომ ჩვენი ექიმები იყვნენ უსაფრთხოდ“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში მოქალაქეებისთვის პირბადეების დეფიციტია, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, ადგილობრივმა ბიზნესმა ძალიან მალე შეძლო ახალი წარმოების დაწყება. მაია ცქიტიშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც მოსახლეობას დახმარებას უწევს სხვადასხვა სახით.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინას, ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ ბიზნესმენს, ორგანიზაციას, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს, როგორც ფულადი შენატანის, ასევე ნებისმიერი სხვა დახმარების სახით, რომელსაც უხვად ვხედავთ ამ პერიოდის განმავლობაში. დაახლოებით 80 000 ადამიანს გადაეცა სხვადასხვა სახის დახმარება, სხვადასხვა მოხალისეების, ორგანიზაციებისა და ბიზნესსუბიექტების მიერ და ესეც არის გამოხატულება იმ ჩვენი სოლიდარობის, რომელიც ასე გვახასიათებს გაჭირვებისას განსაკუთრებით და ძალიან დასაფასებელია თითოეული ადამიანის მცირე შენატანიც კი“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.