მაია ცქიტიშვილი - ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე რეგიონებში სამწუხარო რეალობა გვაქვს
მაია ცქიტიშვილი - ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე რეგიონებში სამწუხარო რეალობა გვაქვს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქეების საკითხს გამოეხმაურა, მათ შორის კიდევ ერთხელ ისაუბრა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებითაც.

ცქიტიშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა ოკუპაციის შედეგებს ყოველდღიურ ცხოვრებაში განიცდის.

„ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე რეგიონებში სამწუხარო რეალობა გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ღია სამხედრო დაპირისპირება არ გვაქვს, სამწუხაროდ, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა განიცდის ამ ოკუპაციის შედეგებს პრაქტიკულად ყოველდღიურ ცხოვრებაში.

რაც შეეხება იმ ადამიანების გათავისუფლების პროცესს, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმის მიერ არიან დაკავებული, როგორც ვიცით, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აქტიურად არიან ჩართული,  მათი ძალიან აქტიური მხარდაჭერით, უმაღლეს დონეზე, სხვადასხვა ტრიბუნაზე, სხვადასხვა ფორმატში, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სწრაფად გვექნება შედეგი, როგორც ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ასევე იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც გუშინ  საოკუპაციო რეჟიმმა დააკავა“ ,- განაცხად მაია ცქიტიშვილმა.

ოკუპირებულ ახალგორთან, სოფელ ახმაჯთან საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ოთხი მოქალაქე გუშინ დააკავა. დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანი იყო, რომელიც რუსმა სამხედროებმა მალევე გამოუშვეს.

რაც შეეხება ვაჟა გაფრინდაშვილს, ექიმი უკვე ერთი თვეა, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება.  ის 9 ნოემბერს დააკავეს.

ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში სდებენ ბრალს, თუმცა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ აღიარებს და შესაბამისად, არც ბრალს აღიარებს. ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.