მაია ცქიტიშვილი - მსოფლიო ბანკის მიერ დაწესებული შეზღუდვა არ აისახება სამუშაოებზე, რომელსაც კომპანია CR23 საქართველოში აწარმოებს
მაია ცქიტიშვილი - მსოფლიო ბანკის მიერ დაწესებული შეზღუდვა არ აისახება სამუშაოებზე, რომელსაც კომპანია CR23 საქართველოში აწარმოებს

მსოფლიო ბანკის მიერ ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციასა (CRCC) და მისი შვილობილ კომპანიებისთვის (CR23, CRCC International) ტენდერებში მონაწილეობაზე დაწესებული ცხრათვიანი შეზღუდვა არ აისახება სამუშაოებზე, რომელსაც კომპანია (CR23) საქართველოში აწარმოებს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, კომპანიამ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ტენდერში მცდარი ინფორმაცია წარადგინა, რითიც მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები დაარღვია. მსოფლიო ბანკის განმარტებით, ეს ქმედება თაღლითობად იქნა კვალიფიცირებული.

მაია ცქიტიშვილი განმარტავს, რომ საუბარია ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის საგზაო მონაკვეთთან დაკავშირებით 2017 წელს გამოცხადებულ ტენდერზე.

„ეს არის მსოფლიო ბანკის დაფინანსებით გამოცხადებული ერთ-ერთი ტენდერი, რომელიც ეხებოდა ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთს, რომელიც ჩატარდა 2017 წელს. სწორედ გზების დეპარტამენტის მიერ იქნა დადგენილი შესაძლო გადაცდომა. შედგა კომუნიკაცია გზების დეპარტამენტსა და მსოფლიო ბანკს შორის და მსოფლიო ბანკმა, პროცედურების შესაბამისად განიხილა აღნიშნული ინფორმაცია. აღნიშნული არის უკვე მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილება. ეს 2017 წელს მოხდა, პირადად მე არ გამიკეთებია, მაგრამ ეს არის პროცედურა, რომელშიც ვიმყოფებით ყველა საერთაშორისო ტენდერის გამართვის დროს. თუ რამე დარღვევის აღმოჩენა ხდება სამინისტროს მხრიდან, ვალდებული ვართ, შევატყობინოთ დამფინანსებელს. შემდგომ უშუალოდ დონორის, ამ შემთხვევაში, მსოფლიო ბანკის შიდა კომიტეტმა განიხილა ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია, შეაფასა და ამის საფუძველზე ცხრა თვის განმავლობაში შეუზღუდა ამ კომპანიას არა სამუშაოების შესრულება, არამედ ახალ ტენდერები მონაწილეობა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი განმარტებით, აღნიშნული კომპანია ვეღარ მიიღებს ცხრა თვის განმავლობაში მონაწილეობას ახალ ტენდერებში, რომელიცმსოფლიო ბანკის დაფინანსებით გამოცხადდება.

„ჩვენ შემთხვევაში, ეს შეზღუდვა არ აისახება სამუშაოებზე, რომელსაც ეს კომპანია აწარმოებს საქართველოში.  საგზაო დეპარტამენტმა განიხილა რა სატენდერო დოკუმენტაცია, გადაამოწმა რა კომპანიების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, აღმოაჩინა, რომ ამ ინფორმაციაში არის შეუსაბამობა. 2017 წელს იყო ეს ტენდერი, მაშინ იქნა აღმოჩენილი, ამ კომპანიას არ გაუმარჯვია აღნიშნულ ტენდერში, სხვა იყო გამარჯვებული. მას არ აქვს სამუშაოები კონკრეტულად ამ მონაკვეთზე, რაზეც საუბარია, მაგრამ რადგანაც შეუსაბამობა იყო აღმოჩენილი, სამინისტრომ მიმართა მსოფლიო ბანკს. მსოფლიო ბანკს სჭირდება საკმაოდ დიდი დრო განხილვისთვის. განიხილა, გამოიტანა გადაწყვეტილება და  ვალდებული ვართ, ეს გავითვალისწინოთ. ეს არ ნიშნავს ამ კომპანიისთვის საქმიანობის შეჩერებას. ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ცხრა თვის განმავლობაში ვერ მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო ბანკის დაფინანსებით გამოცხადებულ ტენდერებში“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია სხვა პროექტებში მონაწილეობს. ამჟამად საქართველოში მუშაობს სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე.

„ეს სამუშაოები გრძელდება. ეს არის სტანდარტული პროცედურა და მასში განსაკუთრებული არაფერია. მსგავსი შემთხვევები მრავლად ხდება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მსოფლიო ბანკმა საქართველოს მთავრობის კონტრაქტორს, ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციას (CRCC) და მის შვილობილ კომპანიებს, მათ შორის, China Railway 23rd Bureau Group Co., Ltd. (CR23), China Railway Construction Corporation (International) Limited (CRCC International) ტენდერებში მონაწილეობა ცხრა თვით აუკრძალა.