მაია ცქიტიშვილი - მოვუწოდებ პროკურატურას, მამუკა ხაზარაძისგან მოითხოვოს განმარტებები იმ შესაძლო კორუფციის ფაქტებზე, რომელსაც შეიძლება ფლობდეს
მაია ცქიტიშვილი - მოვუწოდებ პროკურატურას, მამუკა ხაზარაძისგან მოითხოვოს განმარტებები იმ შესაძლო კორუფციის ფაქტებზე, რომელსაც შეიძლება ფლობდეს

მოვუწოდებ პროკურატურას, რომ მამუკა ხაზარაძისგან მოითხოვოს სრული განმარტებები იმ შესაძლო კორუფციის ფაქტებზე, რომელსაც შეიძლება ის ფლობდეს, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ხაზარაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროში კორუფციის არსებობაზე ისაუბრა.

„ბატონმა მამუკამ დღეს ახსენა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც მინდა გამოვეხმაურო. პირველ რიგში ეს არის გაჩერებული ქვეყანა, როგორც მან უწოდა. მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს ქვეყანაში არის გაჩერებული ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ანაკლიის პორტი და ეს პროექტი უკვე თითქმის წელიწადია გაჩერებული. მე მგონი უნდა ახსნას მამუკა ხაზარაძემ, რატომ არის დაგვიანებული უკვე ორ წელიწადზე მეტია პროექტი, რომელიც ყველასთვის ასეთი დიდი მნიშვნელობის მატარებელია, რატომ ვერ მოახერხა სამი წლის განმავლობაში საკუთარ კაპიტალშივე, 100 მილიონი დოლარის ინვესტორების ნდობის მოპოვება, იმისთვის რომ ეს პროექტი შესრულებულიყო. მეორე რაც შეეხება პროექტებს, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ – მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ მე და ჩემი გუნდი ვმართავთ დღეს რამდენიმე მილიარდის ღირებულების 6 ათას პროექტზე მეტს, ამ პროექტებში არის 800-ზე მეტი კომპანია და დაახლოებით 25 ათასი ადამიანი. ეს არის ის რიცხვები, რომელსაც მამუკა ხაზარაძე არ იღებს და ეს არის ის რიცხვები, რისი გაგებაც მას არ სურს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში სამინისტროს დაახლოებით ათას ტენდერზე მეტი აქვს გამოცხადებული, სადაც კომპანიების მიერ დავების საბჭოში მხოლოდ 90 ტენდერზე იყო გასაჩივრებული და არც ერთი საჩივარი არ დაკმაყოფილებულა.

„გარდა ამისა, ყველა ტენდერი არის სრულიად გამჭირვალე და დიახ, ვკითხოთ ბიზნესს, რამდენად გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანია ეს ტენდერები. მოვუწოდებ პროკურატურას, რომ მოითხოვოს მამუკა ხაზარაძისგან სრული განმარტებები იმ შესაძლო კორუფციის ფაქტებზე, რომელსაც შეიძლება ფლობდეს. მგონია, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ამ ქვეყანაში ნებისმიერი სახის პოლიტიკურის სპეკულაცია გარკვეულ კორუფციულ ფაქტებთან დაკავშირებით ისეთი სახით, როდესაც განცხადებების ავტორს არ აქვს არავითარი ფაქტები. დღეს მამუკა ხაზარაძემ ახსენა, რომ დებატებში შეიძლება მოიწვიოს ნებისმიერი პიროვნება, ისაუბროს რიცხვებით. მამუკა ხაზარაძემ ერთხელ უკვე თქვა უარი ჩემთან დებატებში დაჯდომაზე, როდესაც საქმე ეხება მისთვის მნიშვნელოვან ანაკლიის პორტს. იმ შემთხვევაში, თუ მას არ შერცხვება, მას შემდეგ რაც დღეს განცხადა, თვალებში ჩამხედა და დაჯდეს დებატებში, მზად ვარ, დავჯდე მასთან ერთად და ვისაუბროთ როგორც რიცხვებზე, ასევე ქვეყნის განვითარებაზე“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

დატოვე კომენტარი