მაია ცქიტიშვილი - მოდით, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არ მივაწყდეთ ისევ მაღაზიებს
მაია ცქიტიშვილი - მოდით, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არ მივაწყდეთ ისევ მაღაზიებს

დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე, არც საერთაშორისო და არც შიდა სატვირთო გადაზიდვებზე, არ ვრცელდება არც მარნეულსა და ბოლნისში, მიუხედავად იმისა, რომ იქ არის სრული კარანტინი, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა გადაზიდვებთან და სურსათთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას.

ამასთან, მისი თქმით, სატვირთო გადაზიდვები ხორციელდება შსს-თან შეთანხმებით, გარკვეული პირობების დაცვით, კორიდორით, მიცილებით და ა.შ.

„მადლობა ამ კითხვისთვის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ზომების გამკაცრებაზე, ძალიან ხშირად მაშინვე ვნახულობთ ხოლმე ძალიან აქტიურ გაყიდვებს და შესყიდვებს ჩვენს მაღაზიებში. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოსახლეობას, თქვენ უკვე გქონდათ შესაძლებლობა დარწმუნებულიყავით, რომ სურსათის მომარაგებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც სამედიცინო პროდუქციასთან, სხვა საჭირო და აუცილებელ პროდუქციასთან მიმართებაში, არ გვაქვს არანაირი შეფერხება მომარაგებაში. ეს გაგრძელდება კვლავ. ძალიან დიდი თხოვნით მივმართავ ყველას, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, გვქონდეს მათ შორის ერთგვარი ნდობაც მთავრობის მიმართ, როდესაც თქვენ ხედავთ უკვე და არაერთხელ შეგეძლოთ დარწმუნებულიყავით იმაში, რომ ჩვენი მაღაზიების თაროები არ არის ცარიელი და თუ ცარიელდება, მაშინვე ივსება. მოდით, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არ მივაწყდეთ ისევ მაღაზიებს და პირველ რიგში, მათ შორის გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობასაც, რადგან სასურსათო მაღაზიების რიგებშიც, ძალიან მაღალია ინფიცირების რისკი“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მასშტაბით საკარანტინო რეჟიმი ხვალ, დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება. ასევე გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში ხვალიდან იმოქმედებს კომენდანტის საათიც, 21:00-დან დილის 06:00 საათამდე.