მაია ცქიტიშვილი - კონსორციუმს მივცემთ საშუალებას, კაპიტალი წლის ბოლომდე მოიზიდოს
მაია ცქიტიშვილი - კონსორციუმს მივცემთ საშუალებას, კაპიტალი წლის ბოლომდე მოიზიდოს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ წლის ბოლომდე მივცემთ საშუალებას, რომ ვალდებულებების შესასრულებლად კაპიტალი მოიზიდოს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება გვაძლევს სრულ უფლებას, დღესვე მოვშალოთ ის, იმის გათვალისწინებით, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვერ შეასრულა ვერც საკუთარი კაპიტალის მოპოვების ვალდებულება და ვერც ბანკებთან წინასწარი შეთანხმების წარმოდგენის ვალდებულება, იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროექტი არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და რომ ჩვენ არც ერთ ოპონენტს, მათ შორის ვერც კონსორციუმს და ვერც პოლიტიკურ ოპოზიციას, ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ მთავრობას დააბრალონ რაიმე სახის ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ამ პროექტის განხორციელებაში, ჩვენ არ ვისარგებლებთ ამ უფლებით და მივცემთ კონსორციუმს საშუალებას, ბოლომდე ამოწუროს თავისი რესურსი და 2019 წლის ბოლომდე მოიზიდოს და მოიპოვოს, როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე საერთაშორისო ბანკებიდან სესხი“, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, მიესალმება ინვესტორიების არსებობას, რომლის შესახებაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

„დღეს მოვისმინე კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრის განცხადება, რომ ხუთი-ექვსი ინვესტორი ჰყავს კონსორციუმს განხილვის რეჟიმში. რა თქმა უნდა, მივესალმებით ინვესტორების არსებობას, სწორედ ამის გამო, არ მოვშლით ამ ხელშეკრულებას და კონსორციუმსა და მის ინვესტორებს მივცემთ შესაძლებლობას, მიაღწიონ შეთანხმებებს, რომ ამ პროექტში მოიზიდონ საკუთარი კაპიტალი“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა დღეს ამოეწურა.