მაია ცქიტიშვილი - მიუღებელია ე.წ. შავი სიების შექმნა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ტერორში ამყოფებდნენ ჩვენი ქვეყნის სრულ მოსახლეობას
მაია ცქიტიშვილი - მიუღებელია ე.წ. შავი სიების შექმნა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ტერორში ამყოფებდნენ ჩვენი ქვეყნის სრულ მოსახლეობას

რადიკალური ფრთა ჩვენი ოპოზიციის კვლავ ცდილობს პოლიტიკურ ძალადობაზე გადასვლას, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ოპოზიციის მიერ შედგენილ ე.წ. შავ სიაზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, სრულიად მიუღებელია ე.წ. შავი სიების შექმნა, განსაკუთრებით იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც სრულ ტერორში ამყოფებდნენ ქვეყნის სრულ მოსახლეობას.

„რადიკალური ფრთა ჩვენი ოპოზიციის კვლავ ცდილობს პოლიტიკურ ძალადობაზე გადასვლას, ცდილობს დაშინებას იმ ადამიანების და იმ საჯარო მოხელეების, მათ შორის არა მხოლოდ მოსამართლეების, არამედ იგივე პროკურატურის, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების შესაძლო პოლიტიკური შურისძიებით მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია მთლიანობაში ასეთი ტიპის ე.წ. შავი სიების შექმნა, განსაკუთრებით იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც სრულ ტერორში ამყოფებდნენ ჩვენი ქვეყნის სრულ მოსახლეობას. ძალიან კარგად გვახსოვს ყველას, სრულ დაშინების რეჟიმში ვცხოვრობდით, 300 ათასი პრობაციონერი არსებობდა ამ ქვეყანაში და 10 პროცენტი ჩვენი მოსახლეობის იყო გასამართლებული, სწორედ იმ რეჟიმის მიერ, რომელიც დღეს ცდილობს გარკვეული შავი სიების შედგენას. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვეულებრივი, მუდმივი ხელწერა, რომელიც ამ ხალხს აქვს. არც დრო არ ცვლის ამ ადამიანებს სამწუხაროდ და არც ის დამოკიდებულება, მიდგომა, არც ის სიტყვის თავისუფლება და არც ის დემოკრატია, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს, მიუხედავად მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისა, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე. დღეს მათ აქვთ თავისუფალი საშუალება იმისა, რომ იყვნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში, მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ კვლავ ადგანან ამ დესტრუქციულ გზას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.