მაია ცქიტიშვილი - მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ქვეყანაში არ არის შეფერხება პროდუქტებისა და სურსათის მომარაგებასთან დაკავშირებით
მაია ცქიტიშვილი - მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ქვეყანაში არ არის შეფერხება პროდუქტებისა და სურსათის მომარაგებასთან დაკავშირებით

მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის შეფერხება პროდუქტების და სურსათის მომარაგებასთან დაკავშირებით, ყველა სავაჭრო ქსელში არის უზრუნველყოფილი რამდენიმეთვიანი მარაგი – ეს განცხადება ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის წევრებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენელებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მინისტრის განცხადებით, მთავრობა მუდმივ რეჟიმში მუშაობს ყველა მიმართულებით.

„სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ დავასრულეთ სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრა, პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით, რომელსაც ესწრებოდა ეკონომიკური გუნდი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო. სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები, რომლებსაც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ დღეს. მინდა, გამოვეხმაურო მომატებულ აქტივობას ბიზნეს ქსელში, სავაჭრო ქსელში. დღეს შეგვეძლო გვენახა გარკვეულ პროდუქტებზე მომატებული მოთხოვნა და ცარიელი დახლებიც. მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის შეფერხება პროდუქტების და სურსათის მომარაგაებასთან დაკავშირებით. ყველა სავაჭრო ქსელში არის უზრუნველყოფილი რამდენიმეთვიანი მარაგი, ისევე როგორც, ჩვენ სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ვაკონტროლებთ მუდმივ რეჟიმში იმ ფაქტს, რომ ეს მარაგები ასევე იყოს უზრუნველყოფილი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ასევე ძალან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ დღეს არავითარი საფუძველი არ გვაქვს პანიკისთვის, არავითარი საფუძველი არ გვაქვს იმ მომეტებული მოთხოვნისთვის, რომელიც დღეს არის“,- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დატოვე კომენტარი