მაია ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ „ანაკლიის კონსორციუმის“ მხრიდან სამართლებრივი დავის საფუძველი არ არსებობს
მაია ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ „ანაკლიის კონსორციუმის“ მხრიდან სამართლებრივი დავის საფუძველი არ არსებობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მიიჩნევს,რომ საინვესტიციო ხელშეკრულების მოშლის საკითხზე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მხრიდან სამართლებრივი დავის საფუძველი არ არსებობს.

მისი თქმით, კონსორციუმს მთავრობამ უპრეცედენტო მხარდაჭერა აღმოუჩინა და ვალდებულებების შესრულების ვადა რამდენჯერმე გაუხანგრძლივა.

„ჩვენ არ მოვისურვებდით რამე სახის დავას, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი შეფასებით, იურისტების შეფასებით, დავის საფუძველი არ არსებობს, რადგან ვითარება ძალიან ნათელია. როგორც მოგახსენეთ, 2017 წლის აგვისტოს შემდეგ ხდება მთავრობის მიერ უპრეცედენტო მხარდაჭერა, მუდმივი გადავადება, ხელშეკრულების შეცვლა, საჯარიმო სანქციების პატიება, საბანკო გარანტიებისგან გათავისუფლება. ბანკებთან მოლაპარაკების პროცესში ჩვენ საინვესტიციო ხელშეკრულებითა და კონკურსის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულთან დადებულ პირობებშიც კი გამოვთქვით მზაობა პირობების შეცვლის. მიუხედავად ამისა, ამ ყველაფერმა არ გამოიღო შედეგი და კონსორციუმმა ვერ შეძლო ვალდებულებების შესრულება“, – განაცხადა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, სამართლებრივი დავის საფუძველი არ არსებობს, თუმცა, კონსორციუმს აქვს ამის უფლება.

„ჩვენი შეფასებით, დავას არ აქვს არანაირი საფუძველი. მიუხედავად ამისა, ეს კონსორციუმის უფლებაა, მათი ნებაა და, რა თქმა უნდა, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჩვენ ვიქნებით დავაში ჩართული, როგორ მხარე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს იწყებს. აღნიშნული საკითხი მთავრობის სხდომაზე განიხილეს. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები.