მაია ცქიტიშვილი - მცირე მთავრობის კონცეფცია ემსახურება მართვის ოპტიმალური სისტემის შექმნას და არა ხალხის შემცირებას
მაია ცქიტიშვილი - მცირე მთავრობის კონცეფცია ემსახურება მართვის ოპტიმალური სისტემის შექმნას და არა ხალხის შემცირებას

მცირე მთავრობის კონცეფცია პირველ რიგში ემსახურება მართვის ოპტიმალურ სისტემის შექმნას და არა ხალხის შემცირებას, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, საუბარია არა მასობრივ შემცირებაზე, არამედ მართვის ოპტიმალურ სისტემაზე.

„სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას, რომ ჩვენ ბიუროკრატიის ხარჯები არ უნდა გაიზარდოს, არამედ ის უნდა შემცირდეს და მისი ოდენობა უნდა იყოს დაფიქსირებული 3,9%, რაც არის ძალიან ეფექტური ხარჯები. უკვე დაანონსებულია, რომ ჩვენ ვზრდით პოლიციელთა, მეხანძრე-მაშველთა ხელფასებს, ასევე მასწავლებელთა ხელფასების ზრდაც მიმდინარეობს ეტაპობრივად, ამის ფონზე კიდევ უფრო დიდ გამოწვევად რჩება ბიუროკრატიის ხარჯების შემცირება”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კითხვაზე, რამდენი ადამიანი შემცირდება სამინისტროებში, მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც მოხდება ფუნქციების სხვადასხვა სამინისტროებში ინტეგრირება.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, რომ მთავრობის სტრუქტურაში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩება.