მაია ცქიტიშვილი მაჩალიკაშვილის საქმეზე - ჩვენი ინტერესია, გამოძიება წარიმართოს ისეთი სტანდარტით, რომელიც კითხვის ნიშნებს არავის დაუტოვებს
ჩემი და მთელი ჩვენი გუნდის ინტერესია, გამოძიება დროულად დასრულდეს და წარიმართოს ისეთი სტანდარტით, რომელიც შემდგომში არავის დაუტოვებს კითხვის ნიშნებს, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა სოფელ ყვარელწყალის საზოგადოებრივ ცენტრში, პანკისის ხეობის ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მინისტრის კომენტარს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრას თემირლან მაჩალიკაშვილის დედა ესწრებოდა. მედიკო მარგოშვილი გამოძიების მიმდინარეობით დაინტერესდა.
„რა თქმა უნდა, ოჯახს ყველაზე ძალიან აწუხებს ეს საკითხი და ყველაზე სწრაფად უნდა პასუხების მიღება, მაგრამ მიმდინარეობს კომპლექსური გამოძიება, როგორც ტერორიზმის მუხლით, ასევე სპეცოპერაციასთან მიმართებაშიც. არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს არის ძალიან რთული პროცესი, რომელიც ერთ ან ორ თვეში ვერ დასრულდება. ჩემი და მთელი ჩვენი გუნდის ინტერესიც არის, რომ გამოძიება დროულად დასრულდეს და წარიმართოს ისეთი სტანდარტით, რომელიც შემდგომში არავის დაუტოვებს კითხვის ნიშნებს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.