მაია ცქიტიშვილი - ლარის კურსის ცვლილებას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს
მაია ცქიტიშვილი - ლარის კურსის ცვლილებას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს

როდესაც ლარის კურსზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა ავხსნათ, თუ რა იწვევს ლარის კურსის ცვლილებას. ლარის კურსის ცვლილებისას, ჩემი კოლეგებიც და ეროვნული ბანკიც მუდმივად აღნიშნავენ, რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი გაცვლითი კურსი, რომელზედაც გავლენას ახდენს რამდენიმე ფაქტორი. ეს არის ზოგ შემთხვევაში საგარეო ფაქტორები, ეს არის ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობა და, რა თქმა უნდა, ქვეყნის შიდა პოლიტიკური სტაბილურობა – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „იმედის“ განაცხადა.

„როცა ვსაუბრობთ საგარეო ფაქტორზე, გახსოვთ ალბათ ყირიმის ანექსია, თურქეთში განვითრებული პროცესები, ჩვენ სავაჭრო პარტნიორებთან მიმდინარე მოვლენები როგორ ახდენდა ლარის კურსზე გავლენას.

რაც შეეხება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, ბოლო ექვსი თვის მონაცემებით გვაქვს ხუთპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა და 11,5 პროცენტით გაზრდილი ექსპორტი; გვაქვს კარგი სავალუტო რეზერვები, ანუ ყველა შიდა ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც აისახება ლარის კურსზე, არის ჯანსაღი. მესამე ფაქტორი შიდა პოლიტიკური სტაბილურობაა და ესეც ცხადია, პირველ რიგში, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და ხელისუფლება ინარჩუნებს ამ სტაბილურობას. მაგრამ, როდესაც ქვეყანაში ასეთი რადიკალური პროცესები ვითარდება, ამ პროცესების ასეთი სახით წარმართვაზე პასუხისმგებლობა ნამდვილად აქვს ოპოზიციას“, -აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, ხელისუფლება ცდილობს, მიღებული უარყოფითი ეფექტი დააკომპენსიროს.

„როდესაც ქვეყანაში ხდება რადიკალური პოლიტიკური პროცესების მთელი სერია, ძალიან მარტივია ნახოთ როგორ რეაგირებდა სავალუტო კურსი თითოეულ ფაქტზე, როგორი შედეგი ჰქონდა მოლოდინებს, სანქციების განხილვას და საბოლოოდ, ამ სანქციების შემოღების შედეგად ტურიზმისგან შემოსავლების კლებას, რაც რა თქმა უნდა, აისახა ჩვენს ვალუტაზე.

შესაბამისად, ამ ნაწილში უკვე ოპოზიციას ეკისრება თავისი წილი პასუხისმგებლობა. რაც შეეხება მთავრობას, ჩვენ ვცდილობთ ყველანაირად დავაკომპენსიროთ ის უარყოფითი ეფექტი, რომელიც სამწუხაროდ, მივიღეთ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დატოვე კომენტარი