მაია ცქიტიშვილი - კონსორციუმისთვის გადავადებაზე ჩემი დღევანდელი კომენტარი არ უკავშირდება მაიკ პომპეოს განცხადებას, ამ პროცესში ჩვენ დეკემბრიდან ვიმყოფებით
მაია ცქიტიშვილი - კონსორციუმისთვის გადავადებაზე ჩემი დღევანდელი კომენტარი არ უკავშირდება მაიკ პომპეოს განცხადებას, ამ პროცესში ჩვენ დეკემბრიდან ვიმყოფებით

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ჩემი დღევანდელი კომენტარი არანაირად არ უკავშირდება აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს განცხადებას,  – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს.

მაია ცქიტიშვილს ჟურნალისტებმა შემდეგი კითხვა დაუსვეს: „მაიკ პომპეოს განცხადება გარკვეულ მოწოდებას შეიცავდა პორტის პროექტის ბოლომდე მიყვანასთან დაკავშირებით, იყო თუ არა ფაქტორი მაიკ პომპეოს განცხადება თქვენი დღევანდელი განცხადების გაკეთებისას“.

ცქიტიშვილის თქმით, კონსორციუმისთვის ვადის გახანგრძლივების პროცესში მთავრობა გასული წლის დეკემბრიდან იმყოფება.

„ჩემი დღევანდელი განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც გუშინ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ერთ-ერთი ტელეეთერით გააკეთა კომენტარი, მათ შორის, ასევე ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ კონსორციუმისვე განცხადებასთან დაკავშირებით, რომ კონსორციუმმა მიმართა მთავრობას ვადის გახანგრძლივების თაობაზე. ასე რომ, ჩემი დღევანდელი კომენტარი არანაირად არ უკავშირდება მაიკ პომპეოს განცხადებას. გადავადებას რაც შეეხება, ჩვენ ამ პროცესში ვიმყოფებით არათუ 21 მაისიდან, არამედ 2018 წლის ბოლოდან, დეკემბრიდან, როდესაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მივიღეთ გარკვეული მოთხოვნები კონტრაქტში ცვლილებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება პომპეოს განცხადებას პორტის პროექტზე, საქართველოს ვიცე-პრემიერის შეფასებით, სასიხარულოა, რომ აშშ-ის ხელისუფლება მაღალ შეფასებას აძლევს განვითარების მიმართულებებს, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს.

„რაც შეეხება მაიკლ პომპეოს განცხადებას და მის შეფასებას პორტის მნიშვნელობაზე, ძალიან მახარებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ასეთივე მაღალ შეფასებას აძლევს განვითარების მიმართულებებს, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს. აქედან გამომდინარე, ანაკლიის პორტისადმი გამოჩენილი ყურადღება აშშ-ს მხრიდან მეტყველებს იმაზე, რაც ჩვენც არაერთხელ გვითქვამს – ანაკლიის პორტს არამხოლოდ ეკონომიკური განზომილება აქვს, არამედ აქვს უსაფრთხოების განზომილება. ამ პროცესში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთი წევრი არის ამერიკული კომპანია. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ სწორედ ის ფაქტორი, რომ კონსორციუმის წევრი არის როგორც ქართული, ასევე ამერიკული კომპანია, განსაზღვრავს სახელმწიფოს მხრიდან ასეთ უპრეცედენტო მხარდაჭერას ამ პორტისადმი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დღეს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პროექტის ფინანსური დახურვის ვადას ექვსი თვით გაუხანგრძლივებს. საქართველოს მთავრობას ანაკლიის პორტის პროექტის ფინანსური დახურვის დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებით ვადების გახანგრძლივების თხოვნით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ მიმართა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, რომელიც ვიზიტით აშშ-ში იმყოფება, გუშინ განაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” მთავრობა ვალდებულებებს გადაუვადებს და აღნიშნული საკითხი უახლოეს მთავრობის სხდომაზე განიხილება. მისი თქმით, გაგრძელდება დიალოგი და კომუნიკაცია, რათა კონსორციუმმა შეძლოს აღებული ვალდებულებების შესრულება.

პორტის პროექტზე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომაც ისაუბრა. პომპეოს განცხადებით, მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო დაასრულებს პორტის მშენებლობის პროექტს.