მაია ცქიტიშვილი - ხაშურის შემოვლითი გზა, ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებითი ორი ზოლი და სამტრედია-გრიგოლეთის 14 კმ-იანი მონაკვეთი წელს გაიხსნება
მაია ცქიტიშვილი - ხაშურის შემოვლითი გზა, ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებითი ორი ზოლი და სამტრედია-გრიგოლეთის 14 კმ-იანი მონაკვეთი წელს გაიხსნება

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 142 კმ-ზე აქტიური მშენებლობა მიმდინარეობს, საიდანაც 70 კმ-ის დასრულება 2020 წელს იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, დღეს, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში განაცხადა, წელს დასრულდება ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა.

„2019 წელს დაიწყო ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის – რიკოთის საერთაშორისო მაგისტრალის მშენებლობა. 25 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარეობს აქტიური სამშენებლო სამუშაოები, ხოლო დარჩენილ ორ მონაკვეთზე კონტრაქტორები ემზადებიან სამუშაოების დასაწყებად. მთლიანად აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 142 კმ-ზე მიმდინარეობს აქტიური მშენებლობა, საიდანაც 70 კმ დასრულება იგეგმება 2020 წელს. კერძოდ, წელს დასრულდება ხაშურის შემოვლითი 13კმ გზა, ქუთაისის შემოვლითი გზის ორი ზოლი და სამტრედია-გრიგოლეთის 14 კმ  მონაკვეთი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ აქტიური სამშენებლო სამუშაო მიმდინარეობს გრიგოლეთი-ქობულეთისა და ბათუმის შემოვლით გზებზე, ხოლო ბათუმი-სარფის მონაკვეთი პროექტირების ეტაპზეა. მინისტრი შეეხო ქვეშეთი-კობის პროექტსაც, რომლითაც გათვალისწინებულია ცხრა კმ-იანი გვირაბისა და 12 კმ გზის მშენებლობა. მისი თქმით, ქვეშეთი-კობის გზის პროექტზე უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია და მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. ამ პროექტზე 2 500 ადამიანი დასაქმდება.

მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ გასული წლის განმავლობაში საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 804 კმ გზის რეაბილიტაციის სამუშაო დაასრულა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მუშაობა ზემო იმერეთი-რაჭის, ბაღდათი-აბასთუმნის, ლენტეხი-მესტიისა და სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორისხეობა-ბაწარა-ახმეტის  მონაკვეთებზე.

„გზის ინფრასტრუქტურის ტენდერებში 55-მდე ახალი კომპანია მონაწილეობდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიების ბრუნვაც. მაგალითად, შვიდმა კომპანიამ 20 მილიონიან ბრუნვას გადააჭარბა, ხოლო ერთი ხელშეკრულების ფარგლებში 20 მლნ ლარზე მეტი 11-მა კომპანიამ მიიღო. ძალიან სასიხარულოა, რომ სულ უფრო მეტი ქართული კომპანია ახალ სიმძლავრეებზე გადის. მთლიანობაში, გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ სამუშაოებში დასაქმებული იყო 10 000 ადამიანი, საიდანაც 90 პროცენტი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა მუნიციპალური გზების რეაბილიტაციის პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება, საიდანაც ნაწილობრივ დასრულდა და 2020 წლის განმავლობაში დასრულდება ქუთაისის, ზუგდიდის, ზესტაფონის, ფოთის და სხვა ქალაქების ცენტრალური ქუჩების მოწესრიგება.