მაია ცქიტიშვილი კელი დეგნანს შეხვდა
მაია ცქიტიშვილი კელი დეგნანს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მაია ცქიტიშვილმა ელჩს ქვეყანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე, საუბარი შეეხო იმ პროგრამებს, რომელიც საქართველოში ამერიკული ინსტიტუტების მხარდაჭერით ხორციელდება.

„ძალიან კარგი და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ამერიკის ახალ ელჩთან, კელი დეგნანთან. ძალიან აქტიურად გვეხმარება შეერთებული შტატები ჩვენი პროექტების განხორციელებაში, აქტიური თანამშრომლობა გვაქვს „იუესეიდის“ (USAID) პროექტების ფარგლებში ადგილობრივ დონეზე, დეცენტრალიზაციის განვითარების მიმართულებით, მოსახლეობის აქტივობის გაზრდის თვალსაზრისითაც. ასევე გვაქვს კარგი პროექტი და მხარდაჭერა ელექტრონული სერვისების განვითარების მიმართულებით. საშუალება გვქონდა, ელჩისთვის ის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტებიც გაგვეცნო, რომელიც განხორციელების პროცესშია ან დაგეგმილია და ბუნებრივია, შევთანხმდით იმაზეც, რომ ჩვენი თანამშრომლობა უნდა იყოს ძალიან აქტიური. ვფიქრობ, ძალიან კარგი და ნაყოფიერი თანამშრომლობა გველის,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა პოზიტიურად შეაფასა კელი დეგნანმა.

„შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა, ძალზედ ინფორმაციული. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სამუშაოს მოცულობამ, რაც ხორციელდება იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრება, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე, სხვადასხვა ინიციატივებით, რომელთა მიზანია ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ეს კი, მოიტანს უფრო მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და გააძლიერებს როგორც რეგიონებს, ასევე ქალაქებს. მართლაც არაჩვეულებრივი შეხვედრა იყო და მოუთმენლად ველი, რომ მომავალში გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბრითიუესეიდის“ (USAID) პროგრამებზე, როგორიცაა მაგალითად კარგი მმართველობის ინიციატივა. ამ პროგრამის მიზანია ადგილობრივი თემების გაძლიერება და ეკონომიკის განვითარება ადგილობრივ დონეზე უფრო გამჭვირვალე პროცედურების მეშვეობით. ჩვენ უკვე ბევრი მიმართულებით ვთანამშრომლობთ და კიდევ ბევრი სფეროა, სადაც შეგვიძლია თანამშრომლობა,“ – აღნიშნა კელი დეგნანმა შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.