მაია ცქიტიშვილი - ჯერ კიდევ გვაქვს იმედი, რომ დიალოგი წარმატებით დასრულდება, რათა პარლამენტში ცხრავე პარტია იყოს წარმოდგენელი
მაია ცქიტიშვილი - ჯერ კიდევ გვაქვს იმედი, რომ დიალოგი წარმატებით დასრულდება, რათა პარლამენტში ცხრავე პარტია იყოს წარმოდგენელი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მხრიდან არის მცდელობა სურათის შექმნის, თითქოს მეათე მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმური და ერთპარტიულია, რომ არ წარმოადგენს მოსახლეობის განწყობას.

„რეალობა სულ სხვაა. რეალობა სწორედ იმაშია, რომ პარლამენტი ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის მიერაა არჩეული. წლევანდელი არჩევნები ამომრჩევლების მხრიდან ძალიან მაღალი მონაწილეობით გამოირჩეოდა. ეს ის პარლამენტია, სადაც ამომრჩეველმა 9 პარტია განსაზღვრა, სადაც ამომრჩეველმა თავისი ნდობა 9 პარტიას გადასცა. მეათე მოწვევის პარლამენტი ის პარლამენტია, რომელიც ყველა წინა პარლამენტისგან გამოირჩევა პლურალისტური გარემოთი და მრავალპარტიული წარმომადგენლობით, რომელიც ამ ქვეყნის განვითარებას უნდა ემსახურებოდეს“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილის განმარტებით, 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების შედეგები ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერაა აღიარებული.

„ ჩვენ გარკვეულ ხარვეზებს ვხედავდით ამა თუ იმ უბანზე, მაგრამ ასევე ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი ერთხმად თანხმდება იმაზე, რომ ამ ხარვეზებს არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. ასევე, გახსოვთ, „ისფედის“ (სამართლიანი არჩევნები) პარალელური დათვლის შედეგები და ის დისკუსია, რომელიც ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. ასევე, „ისფედმა“ აღიარა, რომ იყო დარღვევა მათ გათვლებში და პარალელური დათვლის შედეგებიც ცესკო-ს რიცხვებს ემთხვევა“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა და დასძინა, რომ იმედი აქვთ, პარტიებს შორის დიალოგი წარმატებით დასრულდება.

„ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს იმის იმედი, რომ პარტიებს შორის დიალოგი  წარმატებით დასრულდება, რათა ამ პარლამენტში ცხრავე პარტია იყოს წარმოდგენელი. პარლამენტი უმაღლესი ნდობის და ხარისხის ორგანოა, რომელიც ქვეყანაში არსებულ განწყობებს ასახავს. ხალხის განწყობა და გადაწყვეტილება 9 პარტიაა. შესაბამისად, ამ პარლამენტის სრულად შევსებას ემსახურება ის პროცესი და დიალოგი, რომელიც მიმდინარეობს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.