მაია ცქიტიშვილი - ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2019 წლის ბიუჯეტი 106 პროცენტით იყო შესრულებული, ასევეა მიმდინარე წლის ექვსი თვის ბიუჯეტიც
მაია ცქიტიშვილი - ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2019 წლის ბიუჯეტი 106 პროცენტით იყო შესრულებული, ასევეა მიმდინარე წლის ექვსი თვის ბიუჯეტიც

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ სამინისტროს წლევანდელი ბიუჯეტი აუცილებლად შესრულდება.

ამ საკითხზე მაია ცქიტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ბიზნესპატრნიორის ოთხეული“ ისაუბრა.

ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით კითხვა მინისტრს გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, მიხეილ ჭკუასელმა დაუსვა – „ახლა გადაწყვეტილება არის, რომ შემცირდეს ბიუჯეტი და იყოს 1 მილიარდ 800 მილიონი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის. მიუხედავად იმისა, რომ მინუსით დავიგეგმეთ, ორი თვის შედეგებიდან გამომდინარე, ეს მინუსიც შესასრულებელია, რამდენად არის დღეს პროგნოზი, რომ შესრულდება მთლიანად 1 მილიარდ 800 მილიონი და რამდენად დაბალანსებული იქნება.

მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტი შესრულდება და დაბალანსებულ ხარჯვაზე ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, შესრულდება, ასევე, როდესაც შედარებით დაბალანსებულ ხარჯვაზე ვსაუბრობთ, მინდა, აღვნიშნო, მშენებლობის დინამიკიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, მესამე კვარტლის შესრულება ანუ ზაფხულის თვეების ყოველთვის უფრო მაღალი იქნება, ვიდრე პირველი კვარტლისა და მეოთხეს, როდესაც უკვე ზამთარზე ვსაუბრობთ, სუფთა კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. თუმცა ამ ციკლს რაღაც მონაცვლეობა აქვს. ვინაიდან სამუშაო უნდა მიიღო, შეაფასო. შესაბამისად გარკვეული ორთვიანი წანაცვლება პროცესს აქვს, მაგრამ პირველ რიგში 2019 წლის ბიუჯეტი არა მხოლოდ 106 პროცენტით იყო შესრულებული, არამედ ის იყო რეკორდულად მაღალი ბიუჯეტი, რომელიც კი ზოგადად ინფრასტრუქტურის სამინისტროს არსებობის ისტორიაში საერთოდ ჰქონდა ათვისებული. 2020 წლის დაგეგმილი ბიუჯეტი კიდევ უფრო მაღალი იყო და ჩვენ პირველი კვარტალი ამ თანაბარ ხარჯვასთან დაკავშირებით გვქონდა უფრო მაღალ მაჩვენებელზე დაგეგმილი, რომელიც სრულად იქნა შესრულებული“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, მიმდინარე წლის ექვსი თვის კორექტირებული ბიუჯეტიც ასევე 106 პროცენტით არის შესრულებული.

„ექვსი თვის მონაცემები ჩვენ უკვე კორექტირებულ ბიუჯეტთან მიმართებაში ასევე 106 პროცენტით გვაქვს, აბსოლუტურ რიცხვებში, ეს არის 830 მილიონი ექვსი თვის მონაცემებით და 1 მილიარდ 800 მილიონის პირობებში 830 მილიონი. არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი უკვე შესრულებული და, რომელიც აღემატება შარშანდელ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს დაახლოებით 200 მილიონი ლარით. ეს შედეგი არის „კოვიდის“ მიუხედავად, ანუ ჩვენ რომ არ გვქონოდა ეს შეფერხება, რომელიც ყველა სექტორზე აისახა, ბუნებრივია, უკეთესი მაჩვენებელი გვექნებოდა“, – აღნიშნა მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილმა გადაცემაში ასევე განმარტა, რატომ დადგა ასეთი შედეგი.

„ეს შედეგი დადგა , რადგან წინასწარ დავგეგმეთ. პრაქტიკულად ჩვენი საშინაო დავალება, მომზადება პროექტებისთვის იწყება უფრო ადრე, ვიდრე იწყება საბიუჯეტო წელი, შესაბამისად, ჩვენ 2019 წლის გაზაფხულიდან დავიწყეთ ყველა მუნიციპალიტეტთან, ყველა ადგილობრივ კოლეგა სამინისტროებთან მუშაობა, რადგან ჩვენ ინფრასტრუქტურას ვაშენებთ არა მხოლოდ მუნიციპალიტეტებისთვის, არამედ განათლებისთვის, სპორტის სექტორისთვის, ტურიზმისთვის და ა.შ. ამიტომ ჩვენი საკოორდინაციო ფუნქციაც მათ შორის იმაში გამოიხატება, რომ ვიღებთ საჭიროებებს ყველა მუნიციპალიტეტიდან, ასევე კოლეგა უწყებებიდან და მერე უკვე ბიუჯეტის პარამეტრებიდან გამომდინარე, ვცდილობთ, რომ გადავანაწილოთ ყველა არსებულ საჭიროებაზე“, – განაცხადა გადაცემაში მაია ცქიტიშვილმა.

დატოვე კომენტარი