მაია ცქიტიშვილი - იმედი მქონდა, რომ პრეზიდენტისგან ამ რანგში ბოლო გამოსვლის დროს, ბევრად უფრო ყოვლისმომცველ ანგარიშს მოვისმენდი
იმედი მქონდა, რომ პრეზიდენტის რანგში ამ ბოლო გამოსვლაში, გიორგი მარგველაშვილი შეძლებდა, რომ ამჯერად მაინც წარმოედგინა რეალური შეფასება ქვეყანაში მიმდინარე პროცესების და იმ მიღწევების, რაც ამ ხუთი წლის განმავლობაში გვქონდა, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, ბევრ შემთხვევაში პრეზიდენტმა არასწორი შეფასება გააკეთა.
„ვიტყოდი იმ თემას, რაც ჩემს სამინისტროს ეხება. ეს არის თვითმმართველობის დასუსტებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გაკეთებული შეფასება. სამწუხაროდ, პრეზიდენტს დაავიწყდა, რომ სწორედ “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში მივიღეთ “თვითმმართველობის კოდექსი”, ჩვენ გავაძლიერეთ თვითმმართველობის არჩევნები და ახალ კონსტიტუციაში უფრო მკაფიოდ და დამატებით განისაზღვრა სახელმწიფოს ვალდებულებები თვითმმართველობების მიმართ, როგორც მათი დაფინანსების ნაწილში, ასევე მათი უფლებების ნაწილში. სამწუხაროა, რომ მედიასთან დაკავშირებით შეფასებები მოვისმინე, რომ თურმე, მედიას მუშაობა სტრესში უწევს მაშინ, როცა გვავიწყდება, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან დიდი პროგრესია და ჩვენ ნამდვილად თავისუფალი მედია გვყავს”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივ თქმით, დღეს მედია თავისუფლია და არც ერთ მედიასაშუალებას მუშაობის პრობლემა არ აქვს.
“იმედი მქონდა, რომ ბევრად უფრო ყოვლისმომცველს, უფრო შემაჯამებელ ანგარიშს მოვისმენდი. სამწუხაროა, რომ ჩემი მოლოდინები არ გამართლდა”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.