მაია ცქიტიშვილი – იმედი მაქვს, მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაფუძნება ანაკლიის პროექტის განხორციელებას ხელს არ შეუშლის
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაფუძნება და პოლიტიკურ პროცესებში შესაძლო ჩართვა ანაკლიის პროექტის განხორციელებას ხელს არ შეუშლის.
„რაც შეეხება ბატონი მამუკა ხაზარაძის განცხადებას, მას, როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, წამოიწყოს როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა, ასევე ჩაებას პოლიტიკაში. იმედი მაქვს, რა თქმა უნდა, რომ ეს ამ პროექტის განხორციელებას ხელს არ შეუშლის. საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავთ, რომელიც უშუალოდ პროექტის განხორციელებაზეა ორიენტირებული“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ამასთან, ცქიტიშვილის თქმით, ბათუმში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკთან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან შეხვედრები გაიმართა, თუმცა, კონკრეტულად ანაკლიის პორტის დაფინანსების თემაზე საუბარი არ ყოფილა.