მაია ცქიტიშვილი - გვაქვს 66 ახალი სკოლის მიმდინარე მშენებლობის, 200-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაციისა და 47 ახალი ბაღის მშენებლობის პროექტი
მაია ცქიტიშვილი - გვაქვს 66 ახალი სკოლის მიმდინარე მშენებლობის, 200-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაციისა და 47 ახალი ბაღის მშენებლობის პროექტი

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შარშან პირველად დაიწყო მასშტაბურად ახალი სკოლების მშენებლობა და არსებული სკოლების რეაბილიტაცია. მთლიანობაში, ჩვენ გვაქვს 66 ახალი სკოლის მიმდინარე მშენებლობის, 200-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაციის და 47 ახალი ბაღის მშენებლობის პროექტები, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ქვემო ქართლში თეთრიწყაროსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

„ქვემო ქართლში 16 ახალი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ჯამში, ეს დაახლოებით 40 მილიონი ლარის ღირებულების პროექტებია. ვაშენებთ როგორც მცირე 60 ბავშვიან, ისე 250 ბავშვიან დიდ სკოლებს. ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს, რომ განათლების რეფორმის ფარგლებში ბევრად უფრო კარგი გარემო შევთავაზოთ მოსწავლეებს, რაც მათი სწავლის ხარისხზეც აისახება. გარდაბნის მუნიციპალიტეტში გვაქვს 2 ბაღის პროექტი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კი 4 სკოლა შენდება ერთდროულად, რაც ერთი მუნიციპალიტეტის ფარგლებში ხელშესახები შედეგია,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა თეთრიწყაროსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების წყალმომარაგების პრობლემაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, წყალმომარაგების კუთხით არსებული გამოწვევეი არსებობს ათწლეულების განმავლობაში. თუმცა, ორივე მუნიციპალიტეტში დაწყებულია არაერთი პროექტი სოფლებისთვის წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად.

„ძალიან დიდი და რამდენიმეეტაპიანი პროექტები გვაქვს დაწყებული ქვემო ქართლში, რომელთა შედეგად მოსახლეობას, ზოგან პირველადაც კი, გამართული წყალმომარაგება ექნება. მათ შორის, არის გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სადაც 5 დიდი სოფლის წყალმომარაგების პროექტს ვახორციელებთ. გარდა ამისა, ორივე მუნიციპალიტეტში ბევრი სხვადასხვა წყაროდან – ეს იქნება მუნიციპალური განვითარების ფონდი, გაერთიანებული წყალმომარატების კომპანია, ადგილობრივი თვითმმარველობის ბიუჯეტი თუ რეგიონებში განსახორციელებელი ფონდი, ფინანსდება სხვადასხვა ზომის პროექტი. მათი დასრულების შემდეგ, ბევრად მეტ ადამიანს ექნება წვდომა უწყვეტ წყალმომარაგებაზე.“- განაცხდა მაია ცქიტიშვილმა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარაში, სოფელ საღრაშენსა და სოფელ ანაგეთში დასრულდება 60 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლებისს მშენებლობა. სამივე სკოლის მშენებლობას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3.1 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა. სკოლები, რომლებშიც ბავშვები სწავლობდნენ არის ძველი და არ შეესაბამება არანაირ საგანმანათლებლო სტანდარტს. ასევე, ფაქტობრივად დასრულებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების გამარჯვებისა და კუმისის 110 და 90 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა. წესრიდგება ბაღების ეზოებიც.

ამ დროისთვის, ქვემო ქართლში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ოთხ პროექტს ახორციელებს. აქტიურად მიმდინარეობს მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის, მარნეულის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების, ბოლნისის კოლექტორისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა. ასევე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის წყალმომარაგების პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოები და ქალაქ მარნეულში, იალღუჯის დასახლებაში წყალსადენისა და წყალარინების გარე ქსელების მოწყობა.