მაია ცქიტიშვილი - გუდაურში საკანალიზაციო სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის მოწყობის სამუშაოები გაზაფხულიდან გაგრძელდება
მაია ცქიტიშვილი - გუდაურში საკანალიზაციო სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის მოწყობის სამუშაოები გაზაფხულიდან გაგრძელდება

გუდაურში საკანალიზაციო სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის მოწყობის მიზნით სამუშაოები გაზაფხულიდან გაგრძელდება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა გუდაურში განაცხადა, ამ მიზნით აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსების შესახებ კითხვაზე პასუხად.

მისი თქმით, სამუშაოები ახლა სეზონის გამო არის შეჩერებული.

„აზიის განვითარების ბანკის მიერ ნამდვილად არის თანხა გამოყოფილი, საკრედიტო რესურსი, რათა მოხდეს გუდაურში საკანალიზაციო სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის მოწყობა. ამაზე უკვე ჩავატარეთ ტენდერი, გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელმაც დაიწყო სამუშაოები გუდაურში, თუმცა არასამშენებლო სეზონის გამო, სამუშაოები არის შეჩერებული, რომელიც გაგრძელდება გაზაფხულიდან. თუმცა ეს შეეხება ძირითადად საკანალიზაციო სისტემების მოწყობასა და გამწმენდ ნაგებობას, რომელიც ჯერ გუდაურს არ აქვს. რაც შეეხება წყალმომარაგებას, როგორც გითხარით, წყალმომარაგებას შეეხება სეთურებში. ეს სამუშაოები ჯერ ჩატარებული არ არის, როგორც მოგახსენეთ ამ სამუშაოების ჩატარება გაზაფხულზე განახლდება და 2021 წელს დასრულდება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, წელს გუდაურში წყალმომარაგების პრობლემა წყლის დებეტის შემცირებისა და უნალექო ამინდის გამო შეიქმნა.

„რაც უნდა გაკეთებულიყო, ის სამუშაოები შესრულებულია. გუდაურში იყო ძალიან სერიოზული წყლის პრობლემა ორიოდე წლის წინ, ჩატარებული სამუშაოების შედეგად ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში გუდაურში წყალმომარაგების პრობლემა არ გვქონია, თუმცა წელს უნალექო სეზონმა და წყლის დაკლებულმა დებეტმა გამოიწვია „რედკოში“ ეს პრობლემა. როგორც მოგახსენეთ, აქ ვიმყოფებით წყალმომარაგების კომპანიის ახალ ხელმძღვანელთან ერთად სწორედ იმის გამო, რომ დავგეგმოთ, რა სამუშაოებია საჭირო 2020 წელს, რომ შემდეგი წლის სეზონს პრობლემების გარეშე შევხვდეთ“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

დატოვე კომენტარი