მაია ცქიტიშვილი - გერმანიის საელჩოსა და ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად ვიმუშავებთ, რათა გერმანელი ვიზიტორების ნაკადი კიდევ უფრო გაიზარდოს ისეთ ისტორიულ ადგილებში, როგორიც ასურეთია
მაია ცქიტიშვილი - გერმანიის საელჩოსა და ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად ვიმუშავებთ, რათა გერმანელი ვიზიტორების ნაკადი კიდევ უფრო გაიზარდოს ისეთ ისტორიულ ადგილებში, როგორიც ასურეთია

გერმანიის საელჩოსა და ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად ერთობლივად ვიმუშავებთ, რათა გერმანელი ვიზიტორების ნაკადი კიდევ უფრო გაიზარდოს ისეთ ისტორიულ ადგილებში, როგორიც არის ასურეთი, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ცქიტიშვილმა ასურეთში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან გერმანული დასახლება დაათვალიერა, სადაც სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელდა.

საშუალება გვქონდა დაგვეთვალიერებინა პროექტი, რომელიც დავასრულეთ ასურეთში. ეს არის ასურეთის რეაბილიტაციის პროექტის პირველი ნაწილი, საწყისი, რომელიც ჩვენ ჩავდეთ ამ სოფლის განვითარებისთვის. ყველამ უკვე ვიცით, რომ ეს არის ჩვენი ისტორიის ნაწილი და ასურეთი იყო შექმნილი 200 წლის წინ იმ გერმანელი კომუნისტების მიერ, რომლებიც ჩამოსახლდნენ მაშინ საქართველოში. ბუნებრივია, ამ წლების განმავლობაში ეს უკვე არა მხოლოდ გერმანული ერის ან გერმანიის ისტორიული მემკვიდრეობაა, არამედ უშუალოდ ჩვენი ისტორიის ნაწილიც არის და როგორც სპეციალისტები ამბობენ, აქაური არქიტექტურაც არის ამ შემთხვევაში გერმანული და ქართული არქიტექტურის ნაზავი. მთავარი არის ის, რომ სწორედ ასეთი რეგიონების, ასეთი ტიპის რეგიონული განვითარებით, ინფრასტრუქტურული განვითარებით სხვადასხვა რეგიონში, ჩვენ ვაძლევთ საშუალებას აქ მცხოვრებ მოსახლეობას მიიღოს შემოსავალი და სარგებელი ყველა იმ სიკეთისგან, რომელიც არის საქართველოში.

გერმანიიდან ტურისტები არის საკმაოდ მზარდი სეგმენტი და მხოლოდ შარშან დაახლოებით 30 პროცენტზე მეტად გაიზარდა გერმანიიდან ვიზიტორების რაოდენობა. ბუნებრივია, გერმანიის საელჩოსთან, ჩვენს ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად, ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ იმაზე, რომ გერმანელების ნაკადი კიდევ უფრო გაიზარდოს ასეთ ისტორიულ ადგილებში, როგორიც არის ასურეთი. აქ გაკეთდა ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია, სრულად აღდგა ეკლესია, რომელიც იყო დანგრეული, აღდგა გერმანელების სასაფლაო და გარდა ამისა, მოეწყო ის საბაზისო ინფრასტრუქტურა, საკანალიზაციო ქსელი უშუალოდ ამ ცენტრალურ უბანში, გამწმენდი ნაგებობა, წყლის გაყვანილობა. აქ წყლის პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს, რომელსაც ჩვენ ასევე უახლოეს მომავალში მოვაგვარებთ, ისევე როგორც, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დანარჩენ სოფლებში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფოს როლი რეგიონულ განვითარებაში არის ის, რომ ადგილობრივებმა შეძლონ საკუთარი საცხოვრებლის ქცევა შემოსავლის მიღების მუდმივ წყაროდ.

„უკვე ვხედავთ, არის მაგალითები, როდესაც ისტორიულ სახლებში არის მოწყობილი საოჯახო ტიპის სასტუმროები და როგორც იცით, იმ სახელმწიფო დახმარების პროგრამებით, „აწარმოე საქართველოს“ პროგრამებით ადგილობრივ მოსახლეობას ახლა უკვე უფრო თამამად, მარტივად შეეძლება, ისარგებლოს სუბსიდირების ყველა პროგრამით. ასევე მინდა, აღვნიშნო ანტიკრიზისული პაკეტის ნაწილში საგრანტო დაფინანსება, 30 ათას ლარამდე გაზრდილი გრანტები, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორის ასურეთში ადგილობრივი მოსახლეობისთვის. სწორედ ეს არის სახელმწიფოს როლი რეგიონულ განვითარებაში – ინფრასტრუქტურის შექმნა, ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის ადმინისტრაციის მხრიდან დახმარება აქ მცხოვრები ადამიანებისთვის, რათა მათ შეძლონ საკუთარი სახლების ქცევა შემოსავლის მიღების მუდმივ წყაროდ. ჩვენი და საერთაშორისო პარტნიორების თანამშრომლობის შედეგი იქნება ის, რომ ასურეთში, აღდგენილ გერმანულ ეკლესიაში იქნება მოწყობილი საგამოფენო სივრცე. ძალიან ბევრი გერმანელი ჩამოდის ისედაც თავის მარშრუტის ფარგლებში აქ, მაგრამ ჩვენი ამოცანა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, იქნება ამ მარშრუტის პოპულარიზაცია იმისთვის, რომ ბოლნისშიც, ასურეთშიც და სხვა რეგიონებშიც უფრო მეტი ტურისტი ვიხილოთ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, სოფელ ასურეთში შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია დაასრულა.

სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოები სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

„შვაბების ქუჩაზე XIX საუკუნის გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების მქონე ეკლესიას (კირხეს), სამ საცხოვრებელ სახლსა და ძველ გერმანულ სასაფლაოს რესტავრაცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო გარე განათება, პირვანდელი იერსახით აღდგა ღობეები და ჭიშკრები. ჩატარდა საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები, აშენდა გამწმენდი ნაგებობა.

პროექტის მიზანია, ასურეთის ისტორიულ დასახლებაში, შენარჩუნდეს გერმანული კოლონიებისთვის დამახასიათებელი განაშენიანება და ისტორიული დასახლება კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ტურისტებისთვის. გერმანული სოფლის რეაბილიტაციას ჯამში 6 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა“,- აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.