მაია ცქიტიშვილი - გაზრდილი ეპიდემიოლოგიური ფონის გათვალისწინებით, აუცილებელია წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოება, რათა ვირუსის გავრცელების შენელება მოვახერხოთ
მაია ცქიტიშვილი - გაზრდილი ეპიდემიოლოგიური ფონის გათვალისწინებით, აუცილებელია წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოება, რათა ვირუსის გავრცელების შენელება მოვახერხოთ

ჩვენ მუდმივად გვაქვს ბიზნესთან კომუნიკაცია, ეს არის კომუნიკაცია პასუხისმგებლიან მთავრობასა და ბიზნესს შორის. გაზრდილი ეპიდემიოლოგიური ფონის გათვალისწინებით, აუცილებელია წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოება, რათა ჩვენ ვირუსის გავრცელების შენელება მოვახერხოთ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა დღეს მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრისას განიხილეს ის შესაძლო შეზღუდვები, რომლებიც შესაძლოა, დაწესდეს ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაკავებლად და აღნიშნული ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაციის გზით იგეგმება.

დღესვე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

„ეპიდემიის მართვას ეძღვნებოდა ჩვენი შეხვედრები, როგორც სარესტორნო სექტორთან, ისე სავაჭრო ცენტრების და ძირითადი მსხვილი ქსელების წარმომადგენლებთან. განვიხილეთ ის შესაძლო წერტილოვანი შეზღუდვები, რომლებიც შესაძლოა, იქნას გამოყენებული. ეს გვინდა, რომ გავაკეთოთ ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაციის გზით. ეს შეხვედრები გაგრძელდება კიდევ და ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის მხრიდან იმ წესების და რეგულაციების დაცვა, რომლებიც დადგენილია. ბუნებრივია, ვირუსის გავრცელების შენელება და პრევენცია არის ჩვენი საერთო ამოცანა, საერთო საქმე – როგორც მთავრობის, ისე ბიზნესისა და მოქალაქეების. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი და საჭირო, რომ ჩვენ არ დავუშვათ ვირუსის გავრცელების ტემპის შემდგომი ზრდა და პირიქით, მოვახდინოთ ვითარების სტაბილიზაცია“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ბიზნესის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.