მაია ცქიტიშვილი - გასულ წელს 7 500 ინფრასტრუქტურულ პროექტზე დასაქმებული იყო 40 000-მდე ადამიანი, რომელთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა
მაია ცქიტიშვილი - გასულ წელს 7 500 ინფრასტრუქტურულ პროექტზე დასაქმებული იყო 40 000-მდე ადამიანი, რომელთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა

პროექტების რაოდენობისა და განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით 2019 წელი ნამდვილად გამორჩეული იყო, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, გასული წლის განმავლობაში დაფინანსებულ 7500 ინფრასტრუქტურულ პროექტზე დასაქმდა 40 000-მდე ადამიანი, საიდანაც უმრავლესობა საქართველოს მოქალაქე იყო.

„სამინისტროს ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა ორი მილიარდ 523 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი რეგიონების განვითარებაზე და ჩვენი მოქალაქეების დასაქმებასა და კეთილდღეობაზე. გასული წლის განმავლობაში დაფინანსებულ 7500 ინფრასტრუქტურულ პროექტზე დასაქმდა 40 000-მდე ადამიანი, მათგან 80%-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე. ჩვენს პროექტებში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა 2020 წელს გაორმაგდება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა შეაჯამა 2019 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობა და აღნიშნა, რომ გასულ წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 804 კმ გზას, უკვე აშენებულია 208 კმ გზა და სამუშაოები მიმდინარეობს 142 კმ გზის მშენებლობისთვის. მისი თქმით, 2020 წელს 70 კმ სიგრძის მაგისტრალური გზა გაიხსნება.

მაია ცქიტიშვილმა სამინისტროს საქმიანობის სხვა მიმართულებებიც შეაჯამა და აღნიშნა, რომ 2019-2020 წლებში განხორციელებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის პროექტების შედეგად 252,200 ადამიანს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება.

„რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა 310 მილიონი ლარის  ღირებულების 1 239 პროექტი, მათ შორის, აშენდა და რეაბილიტირდა 417 სასწრაფო დახმარების ცენტრი და ამბულატორია; სამინისტრომ დაიწყო 59 სკოლის მშენებლობის და 100 სკოლის რეაბილიტაციის პროექტი; გასულ წელს მუნიციპალიტეტებმა 642 სკოლაში განხორციელდა მცირე სარემონტო სამუშაოები; სოფლის პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შეირჩა და დაფინანსდა 4812 პროექტი“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.