მაია ცქიტიშვილი - გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა და ჩვენს ფეხბურთელებს ვუგულშემატკივროთ სახლებიდან
მაია ცქიტიშვილი - გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა და ჩვენს ფეხბურთელებს ვუგულშემატკივროთ სახლებიდან

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური პროცესის სპორტულ ღონისძიებასთან, მათ შორის, მნიშვნელოვან სპორტულ მატჩთან შედარება არ შეიძლება.

მისივე განმარტებით, პოლიტიკური პროცესი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და სწორედ ამიტომ არ იზღუდება.

„მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ ფეხბურთის გულშემატკივარი, მაგრამ ჩემი ქვეყნის გულშემატკივარი ვარ, ჩემთვისაც და რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენს ფეხბურთელებს და ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიოთ ევროპის ასპარეზზე. მაგრამ, თუ ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკურ პროცესზე და ვადარებთ პოლიტიკურ პროცესს თამაშს, პოლიტიკური პროცესი არის თითოეული ჩვენგანის საკონსტიტუციო უფლება. არჩევნებში მონაწილეობის მიღება არის ის ყველაზე დიდი პრივილეგია, რომელიც აქვს ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეს. ამიტომ, საარჩევნო, პოლიტიკური პროცესი ნამდვილად განცალკევებულად და ძალიან მაღალ დონეზე დგას. მისი შედარება რაიმე თამაშთან, ძალიან მნიშვნელოვანთან, ძალიან კარგ აქტივობასთან და ძალიან კარგ ინიციატივასთან, სამწუხაროდ, არ არის შესაძლებელი. სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ არ შეგვიძლია პოლიტიკური პროცესის შეზღუდვა და აკრძალვა, თუნდაც იმის გამო, რომ მოქალაქეს არ უკეთია პირბადე, სწორედ ამიტომ, ჩვენ ასე აქტიურად მოვუწოდებთ პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ყველა სუბიექტს, რომ ყველა წესი დაიცვან. მაგრამ, როდესაც ვსაუბრობთ ფეხბურთზე ან კულტურულ ღონისძიებაზე, ეს არის ის, რისი შეზღუდვაც არის შესაძლებელი იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი მძიმე ფონი გვაქვს“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, დღეს საქართველოში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, არ არის შესაძლებელი, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების მატჩი გულშემატკივრის დასწრებით ჩატარდეს.

„როდესაც ვსაუბრობთ იმ შესაძლო რაოდენობაზე, რომელიც უეფა-ს მიერ არის დაწესებული, როგორც ლიმიტი, რომ გულშემატკივრების დასწრება მოხდეს არა უმეტეს 30 პროცენტისა, თუმცა იმავე რეკომენდაციაში არის მითითებული, რომ ეს რაოდენობა უნდა იყოს განსაზღვრული კონკრეტული ქვეყნის მიერ, მისი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ მოგვიწევს ამ მატჩის ჩატარება გულშემატკივრების გარეშე და მოდით, ყველამ ერთად ასევე უდიდესი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და ჩვენს ფეხბურთელებს ვუგულშემატკივროთ სახლებიდან. ამით, დარწმუნებული ვარ, ისინი უარესად არ ითამაშებენ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დატოვე კომენტარი