მაია ცქიტიშვილი - ფოკაში და ფარავნის ტბაზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები სარგებელს მოუტანს ადგილობრივებს და გაზრდის ტურისტების რაოდენობას
მაია ცქიტიშვილი - ფოკაში და ფარავნის ტბაზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები სარგებელს მოუტანს ადგილობრივებს და გაზრდის ტურისტების რაოდენობას

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სამცხე-ჯავახეთში დაახლოებით 70 მილიონის 19 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. მისი თქმით, აქედან 15 პროექტი წელს დასრულდება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, აქტიურად მიმდინარეობს წალკის გზის ექვსკილომეტრიანი მონაკვეთისა და ნინოწმინდა სომხეთის საზღვრამდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია.

მისივე განმარტებით, უპრეცენდენტო მასშტაბის საგზაო სამუშაოების შედეგად მიღებული ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს და უცხოელ ტურისტებს, რომ უფრო სწრაფად მოინახულონ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი.

მაია ცქიტიშვილი წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით სოფელ ფოკაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო, მოსახლეობას წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე მიულოცა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ სოფელ ფოკაში და ფარავნის ტბაზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.

ვიცე-პრემიერის თმით, დაგეგმილია უშუალოდ ფოკას დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურულად გაჯანსაღება. მომზადდა საპროექტო დოკუმენტაცია და მომდევნო კვირას უკვე სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება.

„ეს პროექტი გულისხმობს ფოკას დედათა მონასტრის ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას, პარკინგების, საინფორმაციო ცენტრის, ვიზიტორთა ცენტრის, სუვენირების მაღაზიის და ტურისტებისთვის შესაბამისი პროდუქციის შესაძენად. ასეთი ინფრასტრუქტურის შექმნით ფოკას მონასტერი არამხოლოდ მომლოცველებისთვის იქნება ძვირფასი და მნიშვნელოვანი სივრცე, არამედ ტურისტებისთვისაც, რომლებიც ისედაც მრავლად სტუმრობენ ამ მხარეს.

გარდა ამისა, უშუალოდ ფარავნის ტბასთან, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, მთავრობის გადაწყვეტილებით, აბულის და საღამოს ტბასთან ერთად, შეყვანილი იქნა დაცული ტერიტორიების ნუსხაში, განვითარდება შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურა. პროექტით გათვალისწინებულია როგორც სანათლავის მოწყობა, რომელსაც რელიგიური და პილიგრიმული ტურიზმის დანიშნულებაც ექნება, ასევე იქნება მოწყობილი საპარკინგე ადგილი, ბილიკები, დასასვენებელი სივრცე, რათა ტურისტებმაც დაისვენონ, ხოლო ადგილობრივმა მოსახლეობამ ეს ტბა აითვისოს როგორც ტურისტული, ისე – დასვენების პერსპექტივით,“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ასევე მოიცავს რეგიონისთვის სახასიათო არქიტექტურის ნიმუშის – გვირგვინით გადახურული დარბაზული სახლის აღდგენას, ობიექტების წყალმომარაგებისთვის ჭაბურღილისა და ბიოლოგიური საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას და მონასტრის ტერიტორიის კეთილმოწყობას.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

დატოვე კომენტარი