მაია ცქიტიშვილი - ფარული ჩანაწერების გავრცელება სრულიად მიუღებელია და ამას მთელი საზოგადოება უნდა აღუდგეს 
მაია ცქიტიშვილი - ფარული ჩანაწერების გავრცელება სრულიად მიუღებელია და ამას მთელი საზოგადოება უნდა აღუდგეს 

საზოგადოებამ თავად არ უნდა შევუწყოთ ხელი ფარული ჩანაწერების გავრცელებას, მათ შორის ჩანაწერის ნახვაზე უარის თქმითაც, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა სოციალურ ქსელში ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი რამ სრულიად მიუღებელია.

„ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შეფასება შეიძლება, იყოს ერთი, ეს ყველა სტანდარტით მიუღებელია. ვიცი, რომ გამოძიება გუშინვე დაიწყო და უკვე ჩატარდა გამოკითხვა, მათ შორის, დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადების კვალდაკვალაც იყო დაწყებული პროცედურები. დარწმუნებული ვარ, ძალოვანი ორგანოები სრულ ძალისხმევას გასწევენ, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას. მსგავსი რამ ადამიანური, მორალური თვალსაზრისითაც სრულიად მიუღებელია და ალბათ, ამას მთელი საზოგადოება უნდა აღუდგეს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ფარული ჩანაწერების გავრცელება დეპუტატ ეკა ბესელიასა და მმართველი გუნდის სხვა წევრებს შორის დაპირისპირებას უკავშირდებოდეს, ცქიტიშვილი ამბობს, რომ ეს არა დაპირისპირება, არამედ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო.

„მე არ შევაფასებდი ამას, როგორც ბესელიასა და გუნდის წევრების დაპირისპირებას. გუნდში ყოველთვის არის საკითხები, რომელზეც შესაძლოა, განსხვავებული შეხედულებები არსებობდეს. ვნახეთ, რომ გუნდში ორი დღის განმავლობაში ძალიან ხანგრძლივი შეხვედრა მიმდინარეობდა, რაც გვაძლევს საშუალებას, აზრთა სხვადასხვაობა შევაჯეროთ, გვქონდეს ნაყოფიერი დისკუსია“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, გუნდში არსებული ურთიერთობები და სტანდარტები კატეგორიულად გამორიცხავს გუნდის წევრებს შორის მსგავსი მეთოდებით საუბარს.

„ჩანაწერი ჩემამდე არ მოსულა. ვფიქრობ, საზოგადოების როლი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ჩვენ თვითონ არ შევუწყოთ ხელი ასეთი ტიპის ჩანაწერების გავრცელებას, მათ შორის ყურებაზე უარის თქმითაც“, – განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა.