მაია ცქიტიშვილი - ერთი კერძო ინვესტორის სასრგებლოდ მეორე კერძო ინვესტორის ფუნქციების დაკნინება არ მოხდება
მაია ცქიტიშვილი - ერთი კერძო ინვესტორის სასრგებლოდ მეორე კერძო ინვესტორის ფუნქციების დაკნინება არ მოხდება

ერთი კერძო ინვესტორის სასარგებლოდ მეორე კერძო ინვესტორის ფუნქციების დაკნინება არ მოხდება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემაში სახელმწიფოსა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თანამშრომლობს საკითხი განიხილეს. გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, როგორ განიხილავს სახელმწიფო ფოთის პორტის ინვესტორის მიერ პორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში 250 მილიონი დოლარის ინვესტირების საკითხს, რაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა მტკივნეულად აღიქვა.

მინისტრის ინფორმაციით, მოცემულ ეტაპზე ფოთის პორტის გეგმა მხოლოდ სურვილის დონეზეა, თუმცა თუ საქართველო რეგიონში ახალ ჰაბად ჩამოყალიბდა, ყველა საპორტო ინფრასტრუქტურას ექნება განვითარების საშუალება და საკუთარი ნიშა.

„ამ ეტაპზე ჩემთვის როგორც არის ცნობილი, ეს არის გეგმა. მოგეხსენებათ, ფოთის პორტის მხრიდან რამდენიმე განცხადება მაქვს მოსმენილი რამდენიმე წლის განმავლობაში, რომ არსებობს პროექტი და აქვთ განვითარების სურვილი. თუმცა კარდინალური ნაბიჯები უფრო ახლა გააქტიურდა. მე ვერ შევაფასებ ამ შემთხევაში, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება არ არის ჩემი სფერო, მაგრამ როდესაც ჩვენ ფოთის თუ ბათუმის თუ ნებისმიერი სხვა ჩვენი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ვსაუბრობთ, არა მხოლოდ პორტების, არამედ რკინიგზის განვითარებაზე, ახალი ლოგისტიკური ცენტრების შექმნაზე და ამ თემაზე გვაქვს ხედვა და გეგმები, რომ საქართველომ ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში უფრო აქტიური როლი უნდა დაიკავოს. როგორც მაიკ პომპეოს მხარდამჭერ განცხადებაში იყო ნათქვამი, თუ საქართველო ახალი რეგიონული ჰაბი უნდა გახდეს, იმ შემთხვევაში თუ ტვირთები დღეს არსებული დინამიკით განვითარდება და ახალი ნაკადების მომსახურებას შევძლებთ, რა თქმა უნდა, ფოთის პორტიც უნდა გაფართოვდეს, ბათუმიც. მჯერა, რომ ამ შემთხვევაში ყველას თავისი ადგილი და ნიშა აქვს. საქმე ისაა, რომ თითოეულ ამ პორტს თავისი სპეციფიკა აქვს, ზოგი ნავთობზე მუშაობს, ზოგი კონტეინერულ გადაზიდვებზე, ზოგი მშრალ ტვირთებზე. შესაბამისად, როგორც ფოთის, ისე ბათუმის პორტებს უფლება აქვთ იფიქრონ განვითარებაზე,“, – განაცხადა მინისტრმა.

თუმცა მან ხაზი გაუსვა, რომ არც ფოთის და არც ბათუმის პორტებს არ აქვთ ისეთივე მხარდაჭერა, როგორიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, რაც მისი სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარეობს. თუმცა ერთი ინვესტორის ინტერესი მეორეს გამო არ შეილახება.

„ერთი კერძო ინვესტორის სასრგებლოდ, მეორე კერძო ინვესტორის ფუნქციები ვერ იქნება დაკნინებული. თუმცა სახელმწიფოს აქვს სხვა გეგმა, ბევრად უფრო სტრატეგიული მნიშვნელობის, ბევრად პრიორიტეტული რაც ანაკლიის მიმართ მისი სპეციფიკის და ახალი შესაძლებლობების გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ რაც შეგვიძლია ვცდილობთ ვადებში დავეხმაროთ“, – განმარტა მაია ცქიტიშვილმა.