მაია ცქიტიშვილი - ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათით 1 მლნ 200 ათასი ოჯახი ისარგებლებს, ხოლო ბუნებრივი გაზის გადასახადზე - 671 ათასი
მაია ცქიტიშვილი - ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათით 1 მლნ 200 ათასი ოჯახი ისარგებლებს, ხოლო ბუნებრივი გაზის გადასახადზე - 671 ათასი

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მთავრობის ინიციატივა განმარტა, რომელიც მოქალაქეთათვის სამი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადების დაფინანსებას ითვალისწინებს.

ვიცე-პრემიერმა ახსნა, აბონენტების რა კატეგორიას ეკუთვნის შეღავათი და რამდენ ოჯახს შეეხება ის.

„ჩვენი ხელისუფლება აგრძელებს ზრუნვას პირველ რიგში იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც შეექმნათ პრობლემა საქართველოში ამ განსაკუთრებული ვითარების გამო, პანდემიის, ეპიდემიის გამო. გარდა იმ ზომებისა, რომელიც უკვე მიიღეთ, ამ ეტაპზე, შეთავაზებული იქნა იმ ოჯახებისთვის, რომელთა ელექტროენერგიის მოხმარება არ აღემატება თვეში 200 კილოვატს და ასეთი ოჯახი საქართველოში არის 1 მლნ 200 ათასი, მათ სახელმწიფო მარტის, აპრილისა და მაისის დარიცხულ გადასახდს აუნაზღაურებს, როგორც ელექტროენერგიის ნაწილში, ასევე დასუფთავების და წყლის გადასახადის ნაწილში. ეს არის შეღავათი, რომლითაც ისარგებლებს 1 მლნ 200 ათასი ოჯახი, რომლის ელექტროენერგიის მოხმარება თვეში არ აღემატება 200 კილოვატ საათს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, შეღავათი ეხება მოხმარებული ბუნებრივი გაზის გადასახადსაც.

„გარდა ამისა, ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ყველა იმ ოჯახს, რომლის ბუნებრივი გაზის მოხმარება თვეში 200 კუბურ მეტრს არ აღემატება, ასევე სახელმწიფო გადაუხდის მარტის, აპრილისა და მაისის თვის დარიცხულ გაზის გადასახადს. ამ შეღავათით ისარგებლებს 671 ათასი ოჯახი“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, ეს არის მოქალაქეთა და ბიზნესის დახმარების ფარგლებში იმ პაკეტის ნაწილი, რომელზეც მთავრობა მუშაობს.

„როგორც ხედავთ, ეს არის მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც ჩვენმა გუნდმა შეძლო ბიუჯეტში გამოთავისუფლებული რესურსიდან, 2 მლრდ ლარიდან შეეთავაზებინა ამ ეტაპზე მოქალაქეებისთვის, თუმცა როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის მხოლოდ ნაწილი შესაძლო დახმარებისა, რომელსაც მოქალაქეებს შევთავაზებთ. ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, გავაგრძელებთ იმ კონკრეტული ღონისძიებების შეთავაზებას, რომელიც არის მიმართული კონკრეტული ჯგუფების დასახმარებლად“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე დღეს განაცხადა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ მოქალაქეს, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, სამი თვის განმავლობაში გადასახადებს სრულად დაუფინანსებს. საუბარია მარტის, აპრილისა და მაისის გადასახადებზე.

დატოვე კომენტარი