მაია ცქიტიშვილი - დღესაც ვადასტურებ, რომ ჩვენ ავაშენებთ ამ გზებს
მაია ცქიტიშვილი - დღესაც ვადასტურებ, რომ ჩვენ ავაშენებთ ამ გზებს

დღესაც ვადასტურებ, რომ ჩვენ ავაშენებთ ამ გზებს, – ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე უმცირესობის დეპუტატის ზურაბ ჭიაბერაშვილის შეკითხვას.

„სამი კვირის წინ ვიყავით აქ, მაშინაც ვთქვი და დღესაც ვადასტურებ, რომ ჩვენ ავაშენებთ ამ გზებს. რაც შეეხება თუ რატომ ამოვიღეთ ამ პროგრამიდან – იმიტომ, რომ გაგვიჭირდება 2020 წლამდე მოსწრება, რასაც შესაბამისი ახსნა აქვს. ამაზე უკვე არაერთხელ ვისაუბრე, მაგრამ კიდევ მოგახსენებთ – გზების ნაწილის დაგეგმარება იყო ოპტიმისტური, თუმცა ხშირ შემთხვევაში ობიექტური მიზეზით ხდება ვადების გადაწევა. მაგალითად, ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე, რომელზეც ტენდერი უკვე გამოვაცხადეთ, 5 კმ-იანი გვირაბის ნაცვლად კეთდება 9 კმ-იანი გვირაბი. შესაბამისად, მისი დასრულების ვადა ვერაფრით ვეღარ იქნება 2020 წელი და გადაიწევს. რაც შეეხება რიკოთის მონაკვეთებსაც, 2 მონაკვეთზე უკვე გამოცხადებულია ტენდერი და მათი დასრულება ნაცვლად 2020-სა იგეგმება 2022 წელს“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ, დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილი საავტომობილო გზების დაგების თემით დაინტერესდა.

„კვირიკაშვილს წინა პროგრამაში ეწერა, რომ 2020 წლამდე დაიგება 800 კმ-ზე მეტი სიგრძის 3,5 მილიარდი დოლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა. ახალ პროგრამაში ყველაფერი გადმოტანილია ამ წინადადების გარდა, რატომ წაშალეთ, არ გაქვთ იმედი, რომ ამ სიგრძის გზას დააგებთ?“, – აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.