მაია ცქიტიშვილი - დღეს ჩვენი პირველი ამოცანა პანდემიის დამარცხებაა, ბიზნესიც ეცადოს, შეაჩეროს საქმიანობა, ან შეცვალოს ბიზნესპროცესი
მაია ცქიტიშვილი - დღეს ჩვენი პირველი ამოცანა პანდემიის დამარცხებაა, ბიზნესიც ეცადოს, შეაჩეროს საქმიანობა, ან შეცვალოს ბიზნესპროცესი

ჩვენი პირველი ამოცანა დღეს პანდემიის დამარცხებაა. ამისთვის საჭიროა სახლში დარჩენა. შესაბამისად, ბიზნესიც ეცადოს, რომ 2-3 კვირის განმავლობაში შეძლებისდაგვარად შეაჩეროს საქმიანობა, ან შეცვალოს ბიზნესპროცესი ისე, რომ რაც შეიძლება მეტი თანამშრომელი სახლში დატოვოს. ორგანიზაციებში ფიზიკურად დასაქმებული ადამიანებისთვის კი დაცული იყოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ყველა სტანდარტი, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში საყოველთაო კარანტინისა და კომენდანტის საათის პირობებში ბიზნესსაქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა და ამისთვის აუცილებელი პირობები განიხილეს.

გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ საგანგებო შტაბის ფორმატში შემუშავდა საგანგებო წესები და რეკომენდაციები, რომლის თანახმადაც ბიზნესის ნაწილი დისტანციურ რეჟიმში უნდა გადავიდეს. კრიტიკულად მნიშვნელოვან სიტუაციებში კი, ოფისებსა და საწარმოებში ფიზიკურად დასაქმებული ადამიანების რაოდენობა შეიზღუდოს ხუთი სულით.

მეტი სიცხადისთვის ვიცე-პრემიერმა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სიტუაციების არსი დააზუსტა.

„თუ ჩვენ ვსაუბრობთ გარკვეულ დარგებზე, ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგი, როგორიც მაგალითად მედიასაშუალება. თქვენს ოფისში ხუთ ადამიანზე მეტიც იმყოფება, მაგრამ ეს არის გამონაკლისი რეჟიმი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ საქმიანობაზე, რაც შეიძლება არ ჩაითვალოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან საქმიანობად, მაგრამ დისტანციური მომსახურებიდან გამომდინარე, შეიძლება ნებადართულად ჩაითვალოს, ამ შემთხვევაში კრიტიკულად აუცილებელია, თუ ჩვენ ვახორციელებთ (მაგალითად) სამშენებლო მასალების მიწოდებას და დისტანციურად ვათავსებთ შეკვეთას. ეს შეკვეთა ჩემთან ვერ მოვა, თუ დატვირთვის ოპერაცია არ განხორციელდა. ამიტომ ვამბობთ ამაზე, რომ ობიექტზე იმყოფებოდეს არაუმეტს ხუთი ადამიანისა, თუნდაც ის მუშები, რომლებიც დატვირთვას ახორციელებენ. კრიტიკულად აუცილებელი არის ამ ბიზნესპროცესის შესრულებისთვის კრიტიკულად აუცილებელი ელემენტი, რომ ოპერაცია შედგეს. თუ ვსაუბრობთ მაგალითად ავტოტექმომსახურებაზე, ესეც არის გამოყოფილი გარკვეული დათქმით, ვსაუბრობთ ტექნიკურ მომსახურებაზე. ეს ნიშნავს ფიზიკურად სერვისის შესრულებას. შესაბამისად, რამდენიმე ადამიანი უნდა იმყოფებოდეს იმ პროფილაქტიკაში ან ავტოტექმომსახურების ცენტრში, რომ ეს მომსახურება მივიღო. შესაბამისად, კრიტიკული საჭიროება განისაზღვრება უშუალოდ ბიზნესპროცესით, თუ რამდენი ადამიანია საჭირო იმისთვის, რომ მივიღოთ ესა თუ ის მომსახურება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი განმარტებით, მიუხედავად კრიტიკული მნიშვნელობისა, აქცენტი მაინც უშუალოდ ორგანიზაციაში ფიზიკურად დასაქმებული ადამიანების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანაზე კეთდება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მინიმალური რაოდენობის ადამიანი იყოს უშუალოდ, ფიზიკურად დასაქმებული, რათა მათ შორის კონტაქტებიც შევზღუდოთ. საქმე ისაა, რომ მხოლოდ მომხმარებელსა და კომპანიის თანამშრომელს შორის კი არ არის შესაძლებელი ვირუსის გადაცემა, არამედ თანამშრომლებს შორისაც. ჩვენთვის თითოეული ადამიანი მიუხედავად იმისა, სად არის დასაქმებული, არის ვირუსის გადაცემის წყარო. აქედან გამომდინარე, ცოტა უფრო სხვა სულისკვეთებით და პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ მთლიანობაში ამ პროცესს. ძალიან კარგად მესმის, როდესაც ბიზნესი ცდილობს და ბევრი ბიზნესსუბიექტი ძალიან აქტიურად ცდილობს გააგრძელოს საქმიანობა. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა ეკონომიკასა და ჯანმრთელობას შორის, მაგრამ ასევე არაერთხელ აღვნიშნეთ და ალბათ ყველას გვესმის, რომ ჩვენი პირველი პრობლემა არის პანდემია. მთავარი ამოცანაა პანდემიის დამარცხება. ამისთვის საჭიროა სახლში დარჩენა. შესაბამისად, მოდით ბიზნესმაც ვიფიქროთ, რომ გარკვეულ ვადაში, ჩვენ ვსაუბრობთ 2-3 კვირაზე, ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ შევაჩეროთ საქმიანობა. ან ძალიან შევცვალოთ ბიზნესპროცესი იმისთვის, რომ მაქსიმალური რაოდენობის თანამშრომელი დავტოვოთ სახლში. ხოლო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ფიზიკურად უნდა იმყოფებოდნენ ოფისებში ან სამსახურში, დაცული იყოს ყველა ის სტანდარტი, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის დადგენილი. მას შემდეგ, რაც ჩვენ ამაში დავრწმუნდებით, მათ საქმიანობის გაგრძელების საშუალება მიეცემათ“, – განუცხადა ვიცე-პრემიერმა „ბიზნესპარტნიორს“.