მაია ცქიტიშვილი - დარწმუნებული ვარ, სოლიდარობით, ერთობლივად შევძლებთ ეკონომიკური კრიზისის დაძლევას, რეგიონების განვითარებასა და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას
მაია ცქიტიშვილი - დარწმუნებული ვარ, სოლიდარობით, ერთობლივად შევძლებთ ეკონომიკური კრიზისის დაძლევას, რეგიონების განვითარებასა და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას

ჩვენი საქმიანობა, არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურის შენება ან რეაბილიტაცია, რაც არ უნდა მასშტაბური იყოს ის. ბოლო წლებში სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იყო თვითმმართველობის და ადგილობრივი ინსტიტუციების განვითარების ხელშეწყობა, – ამის შესახებ პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიამ წარმოაჩინა, რამდენად მნიშვნელოვანია თვითმმართველობების როლი და მენეჯმენტის ხარისხი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათი ეკონომიკური, სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაში.

მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ 63 მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობს და 2022 წელს დასრულდება ელექტრონული სერვისების ერთიანი პლატფორმის დანერგვა, რაც შესაძლებელს გახდის დედაქალაქში არსებული ყველა სახელმწიფო სერვისის ადგილობრივ დონეზე მიღებას.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით გაგრძელდება ასევე მუნიციპალიტეტების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების და გამოცდილების გაზიარების პროგრამები.

„პანდემიის პირველივე დღეებიდან ხელისუფლების ყველა შტო ყოველდღიურ რეჟიმში ერთობლივად ვმუშაობთ ვირუსის დასამარცხებლად. დარწმუნებული ვარ, ასეთივე სოლიდარობით, ერთობლივად, შევძლებთ ეკონომიკური კრიზისის დაძლევას, რეგიონების განვითარებას და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.