მაია ცქიტიშვილი - დარწმუნებული ვარ, პარლამენტის თბილისში გადმოტანა ქუთაისის სტატუსს არ დააკნინებს
მაია ცქიტიშვილი - დარწმუნებული ვარ, პარლამენტის თბილისში გადმოტანა ქუთაისის სტატუსს არ დააკნინებს

დარწმუნებული ვარ, პარლამენტის თბილისში გადმოტანა ქუთაისის სტატუსს არ დააკნინებს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, არამხოლოდ პარლამენტის დეპუტატები, არამედ აპარატის თანამშრომლები პარლამენტის ქუთაისში მდებარეობის გამო, გარკვეულ სირთულეებს აწყდებოდნენ.

„პარლამენტის შესაძლო გადმოტანასთან დაკავშირებით პირველ რიგში რა თქმა უნდა თავად პარლამენტმა უნდა იმსჯელოს. თუმცა, რა თქმა უნდა მხარს დავუჭერდი პარლამენტის გადმოტანას თბილისში. იცით, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში პარლამენტარები როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში საქმიანობენ, მაგრამ ასევე ჩემთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, უშუალოდ პარლამენტარებთან, აპარატის თანამშრომლებთან კომუნიკაციის შედეგად, თუ რამდენად დიდ სირთულეებს აწყდება მთლიანად პარლამენტის სტრუქტურა, იმის გამო, რომ ასე უწევთ მუშაობა.

„მგონია, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბევრ ხარჯებსაც ავცდებით. გვქონდა ბევრი სატრანსპორტო ინციდენტი. ოჯახებს უწევთ ნაწილობრივ თბილისში და ნაწილობრივ ქუთაისში ცხოვრება და ამ შემთხვევაში, მე არ ვგულისხმობ დეპუტატებს, ვგულისხმობ უშუალოდ მთელ იმ პერსონალს, იმ აპარატს, რომელიც პარლამენტის მუშაობას უზრუნველყოფს.

ჩვენთვის ქუთაისი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი იყო. იქნება თუ არა ქუთაისი საპარლამენტო ქალაქი, ნამდვილად არ დააკნინებს არც ქუთაისის სტატუსს და არც ქუთაისის განვითარების შესაძლებლობებს შეაფერხებს. ასე რომ, ჩემი შეფასებით, ცუდი არ იქნება, თუმცა, რა თქმა უნდა, პარლამენტის გადასაწყვეტია, სად განახორციელებენ საქმიანობას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

პირველმა არხმა დღეს მოიპოვა ინფორმაცია, რომ პარლამენტი თბილისში სრულად დაბრუნდება, ქუთაისში მდებარე შენობა კი შს სამინისტროს გადაეცემა.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობას შსს ერთგვარი ჰაბისთვის გამოიყენებს.