მაია ცქიტიშვილი - დარწმუნებული ვარ, ჟურნალისტებსა და ოპოზიციაზე მეტად, სამართალდამცველები და მთავრობა არიან დაინტერესებული, რომ დამნაშავე დააკავონ
მაია ცქიტიშვილი - დარწმუნებული ვარ, ჟურნალისტებსა და ოპოზიციაზე მეტად, სამართალდამცველები და მთავრობა არიან დაინტერესებული, რომ დამნაშავე დააკავონ

დარწმუნებული ვარ, ჟურნალისტებსა და ოპოზიციაზე მეტად, სამართალდამცველები და მთავრობა არიან დაინტერესებული, რომ დამნაშავის დაკავება და ღირსეული რეაგირება მოხდეს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპერაციის მეორე ეტაპის წარმატების დასრულება იქნება გარანტია, რომ ასეთი შემთხვევები არ განმეორდება.

„ძალიან მძიმე სანახავი იყო. სამწუხაროდ, მოხდა ფაქტი, როდესაც 43 ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც საფრთხე შეექმნა. ჩვენი სამართალდამცავების პირველი რიგის ამოცანა იყო ის, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულიყო მსხვერპლის გარეშე. ეს ამოცანა წარმატებით შესრულდა. ამ ნაწილშიც ჩვენ ვიხილეთ პოლიციელების ძალიან ღირსეული ქმედებები და ვნახეთ, რომ კონფლიქტის ამ ძალიან რთული ვითარების განმუხტვის მიზნით, პოლიციელი ჩაენაცვლა მძევლებს. თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, ეს ამ ოპერაციის მხოლოდ პირველი ეტაპია.

დარწმუნებული ვარ, როგორ ღირსეულადაც იქცეოდნენ პოლიციელები და რა მაგალითებიც გვქონდა ოპერაციის პირველ  ეტაპზე, ასევე თითოეული პოლიციელის ღირსების ამბავი იქნება, რომ დამნაშავე დააკავონ. ოპერაციის მეორე ეტაპის წარმატების დასრულება იქნება გარანტია, რომ ასეთი შემთხვევები არ განმეორდება, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ პრიორიტეტი არის ადამიანის ჯანმრთელობა.

გუშინწინ მოხდა ეს დანაშაული. ნახეთ, რომ რეაგირების პირველი ნაწილი განხირციელდა. ახლა მიმდინარეობს ძალიან აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. ყველა ასეთი ტიპის ფაქტს სჭირდება გამოძიება, რეაგირეა და დრო. დარწმუნებული ვარ, ჟურნალისტებსა და ოპოზიციაზე უფრო მეტად, უშუალოდ სამართალდამცველები და მთავრობა არის დაინტერესებული, რომ დამნაშავის დაკავება და ღირსეული რეაგირება მოხდეს.

ყველა ადამიანს, რომელიც იქ მძევლად იმყოფებოდა, ვუსურვებ, სწრაფად გადალახონ სტრესი, რომელიც რთული გარემოთი იყო გამოწვეული. ასეთი ტიპის დანაშაულებზე ძალიან მკაცრი რეაგირება უნდა იყოს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.