მაია ცქიტიშვილი - დამატებითი საკარანტინო ზომები ამ ეტაპზე არ განიხილება, თუმცა არ გამოვრიცხავთ იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირებულთა ზრდა უფრო სწრაფი იქნება
მაია ცქიტიშვილი - დამატებითი საკარანტინო ზომები ამ ეტაპზე არ განიხილება, თუმცა არ გამოვრიცხავთ იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირებულთა ზრდა უფრო სწრაფი იქნება

ათდღიანი შეზღუდვის პერიოდში, მოქალაქეებს უფლება ექნებათ, თავიანთ რეგისტრირებულ მისამართზე დაბრუნდნენ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

„ანუ, იმ რეგისტრაციის მისამართზე, რომელიც პირადობის მოწმობებშია დაფიქსირებული. მას შემდეგ, რაც მოქალაქე დატოვებს მაგალითად, თბილისს და სხვა ქალაქში მიბრძანდება, რომელიც სარეგისტრაციო მონაცემების სახით მის პირადობის მოწმობაშია, მას უკვე ათი დღის განმავლობაში აღარ ექნება შესაძლებლობა, რომ კვლავ დაბრუნდეს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ან რუსთავში. თუმცა, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ამ ათი დღის განმავლობაში დაბრუნდნენ თავიანთ რეგისტრაციის ადგილზე“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, იმ მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში, ქუთაისში, ბათუმში ან რუსთავში სტუმრად იყვნენ ჩასული და მათი რეგისტრაციის მისამართი სხვაა, ხვალ, 21:00 საათამდე ექნებათ შესაძლებლობა, რომ ეს ქალაქები დატოვონ.

„მათ თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, სად ურჩევნიათ ათი დღის გატარება. იმ შემთხვევაში, თუ აირჩევენ, რომ სხვაგან წაბრძანდნენ, 21:00 საათამდე ამის საშუალება ექნებათ. ასევე, თუ მოქალაქეები სხვა რეგიონებში იმყოფებოდნენ და მათ ამ ქალაქებში დაბრუნების სურვილი აქვთ, რა თქმა უნდა, ხვალ 21:00 საათამდე ამის საშუალება ექნებათ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით მოსალოდნელია თუ არა კარანტინის გამოცხადება მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ყველა ზომა და შეზღუდვა, რომელსაც მთავრობა იღებს, ეპიდემიის გავრცელების დინამიკას ეყრდნობა და შეზღუდვები თანმიმდევრული და თანაზომიერია.

„ეს ზომები, რა თქმა უნდა, პრევენციაზეა ორიენტირებული, მაგრამ ეხმიანება იმ გამოწვევას, რომელიც ამ დღისთვის გვაქვს. დღეის მდგომარეობით მიღებულია ეს გადაწყვეტილება – შეზღუდვა ოთხ ქალაქთან დაკავშირებით, დამატებითი საკარანტინო ზომების მიღება კი ამ ეტაპზე არ განიხილება. თუმცა, არ გამოვრიცხავთ იმ შემთხვევაში, თუ რაოდენობის ზრდა ბევრად უფრო სწრაფი იქნება. თუ ვითარება დამძიმდება, შესაძლოა, საჭირო გახდეს დამატებითი შეზღუდვების დაწესება. თუმცა, ეს ასევე არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის ის უკიდურესი, ყველაზე მკაცრი ზომა, რომელსაც საყოველთაო კარანტინად ვგულისხმობთ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდება დამატებითი შეზღუდვების შემოღება, მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე მთავრობა ამას არ მოერიდება, რადგან მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა ხელისუფლების ვალდებულებაა.