მაია ცქიტიშვილი - ჩვენთვის საყურადღებოა კონგრესმენების წერილები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო მხარდაჭერას კარგავს
მაია ცქიტიშვილი - ჩვენთვის საყურადღებოა კონგრესმენების წერილები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო მხარდაჭერას კარგავს

ჩვენთვის ნამდვილად საყურადღებოა თუნდაც ერთეული კონგრესმენების წერილები, თუმცა ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ საქართველო ან „ქართული ოცნება“, მმართველი ძალა კარგავს მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საქართველოს მთავრობისადმი რამდენიმე კონგრესმენის მიერ გამოგზავნილ წერილზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც ცქიტიშვილმა განაცხადა, საქართველოს აშშ-სთან ნამდვილად აქვს განსაკუთრებული თანამშრომლობა და მათი დიდი მხარდაჭერა.

„ჩვენი ოპონენტები აკეთებენ განცხადებებს, რომელიც პირველ რიგში ემსახურება იმ განცდისა და იმ დღის წესრიგის შექმნას, რომელიც აწყობს ოპოზიციას. მათი სურთ, მოსახლეობა დაარწმუნონ, თითქოს საქართველოს მთავრობას შეიძლება პრობლემა შეექმნას თავის უცხოელ სტრატეგიულ პარტნიორებთან. სინამდვილეში თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ აშშ-სთან ნამდვილად გვაქვს განსაკუთრებული თანამშრომლობა, ძალიან დიდი მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა არის ორპარტიული და ეს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების დონეზე ფიქსირდება. ჩვენთვის ნამდვილად საყურადღებოა თუნდაც ერთეული კონგრესმენების წერილები, თუმცა ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ საქართველო ან „ქართული ოცნება“, მმართველი ძალა კარგავს მხარდაჭერას. ყველა ქმედება, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ყოველდღიურ რეჟიმში, ეს იქნება საგარეო ურთიერთობების ნაწილში, თუ შიდა პოლიტიკის ნაწილში, ემსახურება იმ დემოკრატიული პროცესების განვითარებას და იმ ურთიერთობების განვითარებას, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, აშშ-ის მხრიდან გამორიცხულია ნებისმიერი სახის პრობლემები, ე.წ. სანქციების ან რაიმე სახის სადამსჯელო ღონისძიებები.

„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმ ცალკეულ და ერთ კონგრესმენთანაც კი, ჩვენ მეგობრებთან, რათა მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.